არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტექნოლოგიურმა კომპანია K2-მ ახალი კონცეპტუალური SUV – Theeb X01 წარადგინა, რომელიც დიზაინით აშკარად Mercedes-Benz G-Class-ს მოგვაგონებს. თუმცა, რეალურად ავტომობილი ჩინური პლატფორმის საფუძველზეა შექმნილი.
პრეზენტაცია დუბაიში გაიმართა. კომპანია K2, რომელიც ძირითადად დრონებისა და ტექნოლოგიური სისტემების განვითარებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ახალი SUV სამ სხვადასხვა ვერსიაში შეიქმნა – საბაზისო, ლუქს და სპორტულ მოდიფიკაციებად. თუმცა, სერიული წარმოების გეგმებზე კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Theeb X01-ს მასიური და მკვეთრი დიზაინი აქვს – კვადრატული ფარები, დიდი ბამპერები, ჰაერის შემყვანი კაპოტზე და გაფართოებული საბურავის თაღები. ვიზუალურად ყველაზე მეტად ის სწორედ „გელენდვაგენს“ ჰგავს, განსაკუთრებით კარის ფორმებისა და კლასიკური სახელურების გამო.

მედიის ინფორმაციით, SUV-ის საფუძვლად ჩინური BAIC BJ81 გამოიყენეს, რომელიც ჯერ თავად ჩინეთშიც კი ოფიციალურად არ გაყიდულა და პირველად პეკინის ავტოშოუზე აჩვენეს.
ტექნიკური თვალსაზრისით Theeb X01 ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი – მას 2.0 ლიტრიანი შიდა წვის ძრავი და ორი ელექტროძრავი აქვს. ჯამური სიმძლავრე 550 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ/მეტრს აღწევს.

კომპანიის ცნობით, SUV-ს 13 სხვადასხვა მართვის რეჟიმი აქვს.