LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალაუფლების მოყვარე ქალების ქიშპობა და ბერძნული ფოკუსი: 25-ე „საჩუქარი“ გაიხსნა

74
ალარმე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო კინოხელოვნების ფესტივალი „საჩუქარი“ წელს 25-ე იუბილეს აღნიშნავს და ის ოფიციალურად უკვე გაიხსნა.

წლევანდელი ფოკუს-ქვეყანა საბერძნეთია. მთავარ ამოცანად ხელოვნების როლის ხელახლა გადააზრება იქცა, რაც ბოლო დროინდელ მოვლენებს (პანდემია, ომები) უკავშირდება. საბერძნეთი კი მოგეხსენებათ დრამატურგიის აკვანია.

სწორედ ცნობილი ბერძენი რეჟისორის თეოდორ ტერზოპულოსი სპექტაკლი „Alarme“ წარადგინეს მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლის სახელწოდება ქართულად არ არის ნათარგმნი, თუმცა შესაძლოა მას განგაში ვუწოდოთ, როგორც პირდაპირ თარგმანში, ასევე შინაარსობრივად.

რეჟისორი განგაშს შემოკრავს, რადგან ადამიანებს (პოლიტიკოსებს) საკუთარი ძალაუფლების გარდა აღარაფერი აინტერესებთ. სპექტაკლი ორიგინალურად არის გადაწყვეტილი. ორი ქალის, ორი დედოფლის – ელიზაბეტ I-ისა და მარიამ სტიუარტის დუეტი, რომლებიც ქალი-გველების მოტმასნილ კაბებში არიან შემოსილი და მუდმივად ქიშპობენ. სწორედ გველებივით მოძრაობენ მათთვის მოწყობილ დახრილ სცენაზე, ხან აღმა და ხან დაღმა.

ამ ორი ქალის გადმოღმაა ერთი ჩვეულებრივი, მოტყუებული მოქალაქე. კაცი, რომელიც ძალაუფლების მოყვარე დედოფლებს წყევლის და გაუთავებლად კახპებს ეძახის.

ტექსტუალური ნაწილი დიდი არ არის, პერსონაჟები ლაკონურად შემოიფარგლებიან და დროშიც კი მოგზაურობენ, რადგან ერთი, რომ გმირები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ (ფრანგულად, ბერძნულად, ინგლისურად) და თან ახსენებენ ოლანდს, სარკოზის, მაკრონს, გაიგონებთ ხაჭაპურსა და საქართველოსაც…

სპექტაკლს შედევრი უწოდა ქეთი დოლიძემ, რომელმაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ  მიხეილ თუმანიშვილის პრიზი გადასცა რეჟისორ თეოდორ ტერზოპულოსს. თუმანიშვილს ქანდაკება ერგო კახა ქორიძესაც (თემური ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“). ქეთი დოლიძემ წლევანდელი მწირი დაფინანსება ახსენა და დაანონსა, რომ თბილისის ფესტივალი მალე იტალიელ სტუმრებსაც უმასპინძლებს – მილანური თეატრალური დასი Proxime Res წარმოადგენს იტალიური კომედიის რეფორმატორის კარლო გოლდონის ცნობილ პიესას ”სასტუმროს დიასახლისი”.

გარდა ამისა, “ბერძნული ფოკუსის” ფორმატში ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები. ქართველ მსახიობებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტერზოპულოსის სახელოსნოს სამდღიან სავარჯიშო პროგრამაში.

აგრეთვე გაიმართება სტუდენტური ფრინჯ-ფესტივალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები