პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, „თუ ეს ბრძოლა ქართული საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდა, ანუ ქვეყანა დაბრუნდა ევროპული განვითარების კალაპოტში, სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს, რომ უკვე ახალმა ხელისუფლებამ მას შესთავაზოს საქართველოს პრეზიდენტობა“
პოლიტოლოგის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე არსებობდეს ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც გარანტად გამოვა არჩევნების მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ხელისუფლების რბილი გადაბარების პროცესისა:
„საპრეზიდენტო კანდიდატობა არ ნიშნავს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, იმიტომ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციითაც არის ერთგვარი ზეპოლიტიკური ფიგურა. დღესაც ის ფაქტობრივად, ამ პოზიციაშია. მას, როგორც ჩანს, ეს პოზიცია მოსწონს და პრინციპში, მზადაა, რომ გააგრძელოს ამ პოზიციაზე მუშაობა. რეალურად მისი კანდიდატურის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოცემულობაში, როცა ხელისუფლება შეიცვლება და კოალიციურ მმართველობაზე გადავდივართ. პარტიულობა აქ უფრო ხელის შემშლელია მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ვიდრე ხელშემწყობი. ასე რომ, მე მის ამ გზავნილს არ განვიხილავდი საარჩევნო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით.
პირიქით, ის ბოლომდე შეინარჩუნებს ზეპოლიტიკურ პოზიციას და თუ არჩევნებზე ყველაფერი სწორად განვითარდა და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმალურ ევროპულ გზას, თუ ხელისუფლებაში მოსული კოალიციური ხელისუფლება და პლუს ხმოსნები და ა.შ გადაწყვეტენ და მის კანდიდატურაზე შეაჩერებენ საკუთარ არჩევანს, ის ამით ბედნიერი იქნებოდა. მან მხოლოდ ეს თქვა. უფრო მეტად მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეინარჩუნებს ამ ზეპოლიტიკურ პოზიციას არჩევნებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე გვყავდეს ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც გარანტად გამოვა არჩევნების მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ხელისუფლების რბილი გადაბარების პროცესისა. არ მგონია, რომ სწორი იყოს, გადადგეს და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. ხომ ვიცით, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ვერ შევა თუ არ გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან.
ამ არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. არა კონკრეტული ძალაუფლების განაწილების თვალსაზრისით, არამედ ეგზისტენციალურ არჩევანს ვაკეთებთ, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს უკავშირდება. მისი როლი ძალიან მაღალია. ის ერთგვარი ორთქლმავალია მთელი ამ რეფერენდუმის პროცესის. ან დასავლეთში მივდივართ, ან რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით. ის ცენტრალურ როლს თამაშობს მთელს ამ პროცესში. მე მივიჩნევდი, რომ თუ ეს ბრძოლა დამთავრდა ქართული საზოგადოების გამარჯვებით, ანუ ქვეყანა დაბრუნდა ევროპული განვითარების კალაპოტში, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ უკვე ახალმა ხელისუფლებამ მას შესთავაზოს საქართველოს პრეზიდენტობა. ხელისუფლება თუ შეიცვლება და მულტიპარტიული ხელისუფლება თუ შედგება, ვფიქრობ, მას არათუ შანსი ექნება, გამიკვირდება, რომ ხელისუფლებაში მოსულმა რომელიმე პარტიამ არ დაუჭიროს მხარი. ვინ უნდა მოძებნონ მასზე უკეთესი? მას აქვს ეს ამბიცია და კარგია, რომ ამას ხმამაღლა ამბობს“ – განუცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.