“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით” – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა.
“საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ ცვლილებას ძალიან დადებითად აფასებს. 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით, ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზე ვართ. სხვათაშორის, ვუსწრებთ არა ერთ ევროპულ სახელმწიფოს და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა, 64-დან 61-ე ადგილზე წაანაცვლა საქართველო, რაც უდავოდ ძალიან კარგია,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს და შეახსენა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი.
“ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მითუმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.