“ვფიქრობ, ძალიან რთული წინასაარჩევნო გარემო იქნება, მათ შორის, 5 ივლისიც ღარიბაშვილის მხრიდან იყო ერთგვარი რეპეტიცია არჩევნებისთვის და გზავნილი – რომ ივანიშვილის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდება ყველას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა და თქვა, რომ დარწმუნებულია, არც მედია, არც პოლიტიკოსები და არც მოქალაქეები ამგვარ ტერორს არ შეუშინდებიან.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა დასავლეთს ზურგი შეაქცია და შესაბამისად, ის, როგორც მმართველი პარტია, წარსულს უნდა ჩაბარდეს:
“სრულიად ფარისევლურად მოუწოდებენ ისინი კონსტრუქციულობისკენ პროდასავლურ ოპოზიციას, მეორე მხრივ, პრორუსული, დუგინის მიერ მოწონებული ჯგუფების წახალისებით და ორგანიზებით სცემენ, კლავენ ჟურნალისტებს და თავს ესხმიან განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს.
ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ერთი მონეტის ორი მხარე, რომელმაც ზურგი შეაქცია დასავლეთს და შესაბამისად, ის უნდა ჩავაბაროთ წარსულს როგორც მმართველი პარტია, ბუნებრივია, ოპოზიციაში ასპარეზის დატოვების უფლება ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდუალურ პოლიტიკოსს გააჩნია.
ვფიქრობ, ძალიან რთული წინასაარჩევნო გარემო იქნება, მათ შორის, 5 ივლისიც ღარიბაშვილის მხრიდან იყო ერთგვარი რეპეტიცია არჩევნებისთვის და გზავნილი, რომ ივანიშვილის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდება ყველას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, ვინც კრიტიკულ კითხვებს დასვამს, გააკრიტიკებს ხელისუფლებას, წარმოაჩენს მათ კორუფციას და უამრავ სხვა დანაშაულს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მედია, არც პოლიტიკოსები და საქართველოს მოქალაქეები არ შეუშინდებიან ამგვარ ტერორს და ძალიან მშვიდად, მწყობრად, მტკიცედ მივლენ საარჩევნო ყუთთან და გააკეთებენ საკუთარ არჩევანს.” – თქვა ბოკუჩავამ.