LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძიძამ ჩემი სერტიფიცირება უნდა გაიაროს“ – რა ცვლილება შედის „ბავშვის უფლებათა კოდექსში“

1028
dzidza1

დეპუტატთა ჯფუფის მიერ პარლამენტშია ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ძიძა უნდა იყოს სერტიფიცირებული. მართალია ჯერ კანონი განხილვის ეტაპს გადის, თუმცა, კანონმდებლების პირველადი ჩანაფიქრით, სერტიფიცირება ძიძისთვის არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება. პირველად ვერსიაში ნათქვამია, რომ სერტიფიცირების პროცესს ორგანიზებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, იქნება თუ არა ეს სერვისი ფასიანი.

კანონპროექტის თანაავტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი არის ამ საქმით დაკავებული მოქალაქეების წახალისება, სურვილის შემთხვევაში აიღონ სერტიფიკატი.

„როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ სერთიფიცირებულია, იმას აიყვანს, ასე უფრო ენდობა. კანონის მიზანი არის წახალისება. ჯერ პირველი ნაბიჯია ეს და მერე ვნახოთ. პრაქტიკა რასაც დაგვანახებს და როგორც განვითარდება საზოგადოება,“ – აღნიშნა პაატა ტურავამ.

კანონპროექტი კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა, თუმცა ის ჯერ პლენარულ სხდომაზე არ გასულა. როგორც „ფორტუნას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, სესიაზე მის მიერ ინიცირებული პაკეტის განხილვა 27 მაისის კვირაშია დაგეგმილი. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით სახელმწიფო დაეხმარება მშობელს და ქმნის სამართლებრივ ბაზას, რომ მას სურვილის შემთხვევაში, ჰყავდეს სერტიფიცირებული ძიძა.

 

“ეს ყველაფერი იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენ ვაძლევთ მშობლებს იმის უფლებას და საშუალებას, რომ ჰყავდეს სერტიფიცირებული ძიძები, სადაც რისკები მეტად არის დაზღვეული,” – აღნიშნა კილაძემ.

პროექტის კიდევ ერთი ინიციატორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ფორტუნას“ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს და ამბობს, რომ კანონპროექტი საშუალებას მისცემს მოქალაქეს, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული, საკუთარი თვიშეფასება აიმაღლოს. თუმცა, მისივე თქმით, აქ მთავარია, საკითხის აღსრულებას დამატებითი ბიუროკრატია, ფული და ა.შ. არ უნდა დასჭირდეს. ასევე, ეს დამსაქმებლისთვის ზედმეტი ბარიერიც არ უნდა იყოს.

 

„როგორც ვარსკვლავებია სასტუმროების შემთხვევაში დაახლოებით ეს იქნება, პირდაპირი ანალოგია არაა, მაგრამ იქაც ნებაყოფლობითია და აქაც ასე იქნება. ძიძას მოეთხოვება ბავშვთან ყოფნის უნარ-ჩევევები. სერტიფიცირების სავალდებულო მექანიზმად შემოტანა ცოტა რთული იქნება. ალბათ სჯობს ნებაყოფლობითი იყოს. აღსრულების მექანიზმი იქნება რთული. მომავალში შეიძლება უფრო ქმედითი მექანიზმი იყოს. სააგენტოებსაც დაეხმარება გადამოწმების ეს მექანიზმი. თავიდანვე სავალდებულო მექანიზმის შემოტანა არაა სწორი. ალბათ, რაღაც შუალედური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაღაც გადავამოწმოთ და იქნება კვალიფიკაციის დადასტურების მექანიზმი, არ უნდა იყოს ცუდი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

„კარგ ძიძაზე“ მოთხოვნა დღეს ძალიან დიდია, მოქალაქეები საკუთარ შვილებს, ძირითად შემთხვევაში იმ ადამიანებს ანდობენ, ვის შესახებაც ახლობელი ადამიანებისგან სმენიათ. მეორე ნაწილი კი არჩევანს ძიძების სააგენტოების დახმარებით აკეთებს. ერთ-ერთი ასეთია „გადია“. როგორც „ფორტუნას“ “გადიას” ხელმძღვანელმა თამარ ფარულავამ განუცხადა, დღესაც საავალდებულოა სააგენტოს დასაქმებული სერტიფიცირებული იყოს.

„ჩვენც გვაქვს შეტანილი კანონპროექტი, რითიც ვითხოვთ, რომ ძიძობა ზოგადად პროფესიად ჩამოყალიბდეს. ერთ-ერთი პუნქტი ესეცაა – სერტიფიცირება. თუმცა, ჩვენ ვითხოვთ და ჩვენთაან ასეა დღესაც, რომ სერტიფიცირება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულოა,“ – აღნიშნა თამარ ფარულავამ.

მისივე თქმით, ძიძის სააგენტოში დასაქმებისას ყურადღებას ამახვილებს როგორც ვიზუალზე, გამოცდილებაზე, მეტყველებასა და უმაღლეს განათლებაზე, ასევე რეკომენდაციებზე. დამწყები ძიძის შემთხვევაში, მან უნდა გაიაროს უფასო ტრენინგ კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს სხვა დამატებითი შესარჩევი ეტაპები.

 

 

ნინი კეკელიანი ორი შვილის დედაა, მას წლებია ძიძა ჰყავს, თუმცა ამ დროის განმავლობაში მისი არაერთხელ შეცვლა მოუწია სხვადასხვა ფაქტორების გამო.

„ნამდვილად არ მაინტერესებს ძიძა სერტიფიცირებული იქნება თუ არა, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ნებისმიერს შეუძლია გაიაროს ის, ბავშვთან ურთიერთობა კი სერტიფიცირებით ვერ განისაზღვრება. მყავდა მე ხუთი თვე ძიძა და ხუთი თვის მერე არ მომეწონა. იყოს სერტიფიცირებული, არ მომეწონა და გავუშვი. მე უნდა შევხედო და შევაფასო, ჩემი სერტიფიცირება უნდა გაიაროს. რა თქმა უნდა, განათლებას მივაქცევ ყურადღებას. სერტიფიცირება რამდენად პუნქტუალურია, რამდენად სუფთაა ამას ვერ დაადგენს. კარგია, როცა განათლებულია შენს შვილთან, მაგრამ განათლებას ბაღში და სკოლაშიც მიიღებს. მთავარია ადამიანურობა,“ – აღნიშნა მან.

ნინი კეკელიანისგან განსხვავებით ფიქრობს მაკა კუტალაძე. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხანია, რაც ძიძა ჰყავს, თავის დროზე იმის ცოდნა, რომ ძიძას აქვს სერტიფიკატი, მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი კარგ ძიძას. ბევრი ვნახე, ზოგი რეკომენდაციით, ზოგი ისე. ეს საკითხი დამეხმარებოდა, მაგრამ მთავარია სერტიფიცირება იყოს კეთილსინდისიერად გაკეთებული,“ – განაცხადა მაკამ.

 

 

ინიცირებული კანონპროექტის 31-ე მუხლში ვკითხულობთ:

  • ბავშვი არ შეიძლება იქნას მოთავსებული ალტერნატიული ზრუნვის ისეთ მომსახურებაში, რომელიც არ შეესაბამება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს და არ არის ლიცენზირებული კანონის შესაბამისად, გარდა მინდობითი აღზრდისა და შვილად აყვანისა.
  • ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ პროფესიულ, მათ შორის, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს და საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ მულტიდისციპლინური მიდგომით.
  • ბავშვის მომვლელის (ძიძა) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოუაროს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს 5 ბავშვისა) ბავშვს მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან.

87-ე მუხლში კი ვკითხულობთ,

  • ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება ,,ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
  • ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცესს ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
mazda magti 5g