საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გიორგი ათაბეგაშვილი უხელმძღვანელებს. ძიუდოს ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ეს პოსტი სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე 46 დელეგატიდან 41 გამოცხადდა და მათგან 40-მა მხარი ათაბეგაშვილს დაუჭირა.
გიორგი ათაბეგაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო. დარეგისტრირებული ხუთი კანდიდატიდან ოთხმა, საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა.
ამავე ყრილობაზე დამტკიცდა, რომ ფედერაციას ამიერიდან, ოთხის ნაცვლად, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. რაც შეეხება ფედერაციის გენერალურ მდივანს მას აღმასკომი აირჩევს.
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები უკვე დაასახელა. ამ თანამდებობაზე ცეზარ ჩოჩელი, ზაქრო კევლიშვილი, ზაზა გულდიანი, თენგიზ ხუბულური და თამაზ ნავერიანი იქნებიან. სამი მათგანი: ჩოჩელი, კევლიშვილი, და გულედანი ამ პოსტს აქამდეც იკავებდნენ.
არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, ქართველი ძიუდოისტების იმ ნაწილმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდნენ, საგანგებო ბრიფინგი მოაწყო. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, გურამ თუშიშვილი და სხვა ცნობილი სახეებიც იყვნენ, რომლებმაც საერთო პოზიცია დააფიქსირეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით – მათ ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ დღეს არჩევნები არ გაიმართებოდა, მაგრამ გუშინ ღამით გაიგეს, რომ არ გადადებულა და ნამდვილად ტარდება.
„ამ არჩევნებს უნდობლობას ვუცხადებთ“, – ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი ჭრიკიშვილი.
მისი თქმით, ხუთი კანდიდატიდან რეალურად ორი იბრძვის, რომელიც იგივე გუნდია, რაც აქამდე იყო. ქევხიშვილი და ათაბეგაშვილი ერთმანეთზე მიბმული არიან და ერთი ძალაა. ამასთან, მისივე განცხადებით, საქმე სახელებისა და გვარების შეცვლაში არ არის, მთავარია სიტუაცია შეიცვალოს. ძიუდოისტები არ ეთანხმებიან ტოტიკაშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასაც.
იგივე პოზიცია აქვთ ნაკრების სხვა წევრებსაც.
ძიუდოისტებს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრიათ. როგორც ლიპარტელიანმა განმარტა, მათ ჯერ არი იციან რას იზამენ მომავალში, რადგან სპორტის მესვეურებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არჩევნები არ შედგებოდა.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, კანდიდატურა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა.