სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 1 100-მდე სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა. მისივე თქმით, ქარის გამო 37 სკოლას სხვადასხვა პრობლემა შეექმნა, ასევე, დაზიანდა 6 საბავშვო ბაღი.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ 60-ზე მეტ სოფელს ელექტრომომარაგება 13 იანვარს აღუდგა, დარჩენილ სოფლებში კი დღეს, 14 იანვარს ეტაპობრივად აღდგება.
„ქარის სიმძლავრემ უკვე იკლო, რაც საშუალებას მოგვცემს აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ეფექტურად ვაწარმოოთ. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს შესაბამისი ბრიგადები დილიდან აწარმოებენ და ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის მომარაგება დღის ბოლოს უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილი გვექნება.
ზარალის დათვლის პროცესი გაგრძელდება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია. წუხელ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება 60-ზე მეტ სოფელს აღუდგა, ამჟამად პრობლემურია 50 სოფელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – განაცხადა გეგუჩიამ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე ნელ-ნელა დაიკლებს და მას აღარ იქნება გრიგალის კატეგორია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა იმერეთის მუნიციპალიტეტებიც. დაზიანებულია როგორც კერძო ინფრასტრუქტურა, ასევე სახელმწიფო შენობები.
ამავე თემაზე: