მომდევნო კვირას, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბანკი ინვესტირებას ახორციელებს, საქართველო იქნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს პირველი ვიზიტის ადგილი, რომელიც, ორდღიანი პროგრამის ფარგლებში, სრულად ვირტუალურ ფორმატში განხორციელდება. რადგან მიმდინარე პანდემია ხელს უშლის მოგზაურობასა და პირისპირ შეხვედრებს, EBRD-ის პრეზიდენტი გამოიყენებს ციფრულ პლატფორმებს, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფუძვლიანად შეცვალეს მუშაობის ფორმატი და საერთაშორისო ურთიერთობები.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრები. ვირტუალური ფორმატი ასახავს როგორც EBRD–ის, ასევე, საქართველოს უნარს ადაპტირდნენ არსებულ ვითარებასთან. ეს, ასევე, მჭიდრო ურთიერთობის დასტურია, რომელსაც EBRD თავისი ადგილობრივი ოფისების მეშვეობით აყალიბებს. ამიტომ, მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავადასტურო EBRD–ის ერთგულება საქართველოს მიმართ და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნისადმი ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა. ეს აჩვენა საქართველოში წინა წელს ჩვენმა რეკორდულმა მაჩვენებელმა. მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის საქმეში. იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში მოგზაურობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა რენო ბასომ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, ფინანსთა მინისტრს და EBRD–ის საქართველოს მხრიდან მმართველს ივანე მაჭავარიანს, ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას, ასევე, თბილისის მერს კახა კალაძეს. რენო-ბასო ასევე გაესაუბრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს.