ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ”თელიანი ველის” შვილობილ კომპანია Global Beer Georgia-ს 18.5 მილიონი ევროს ოდენობის სინდიცირებულ სესხს გამოუყოფს ინოვაციური ლუდის ქარხნის მშენებლობისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
დაფინანსების სინდიცირებული პაკეტი მოიცავს 6.2 მილიონი ევროს ოდენობის “A” სესხს ევრობანკის პირადი ანგარიშიდან და 6.2 მილიონი ევროს მოცულობის “B” სესხს ჰოლანდიის მეწარმეობის განვითარების ბანკის FMO-ს მხრიდან; გერმანიის ინვესტიციისა და განვითარების ბანკი DEG კი ამ სქემაში იმოქმედებს როგორც პარალელური კრედიტორი და გამოყოფს ასევე 6.2 მილიონ ევროს.
Global Beer Georgia-ს ახალი ლუდის ქარხანა გახსნის შემდეგ აწარმოებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლუდის ბრენდებს, როგორებიცაა: Heineken, Krusovice და Amstel. კომპანია ასევე აპირებს ლუდის ახალი, ადგილობრივი ბრენდის შექმნასაც.
„საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, კარგი ხარისხის ლუდი ასევე ძალიან პოპულარულია; ცნობილი ბრენდების ადგილობრივად წარმოების დაწყებით, ”თელიანი ველი” არამარტო შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდის წარმოების სტანდარტებს, არამედ, ასევე, შექმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და კონკურენციას ლუდის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ფასისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია“ – განაცხადა ჟილ მეტეტალმა, ევრობანკის დირექტორმა სოფლის მეურნეობის დარგში.
“მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ევრობანკთან, რომელიც არამარტო ფინანსურად დაეხმარა ჩვენს კომპანიას, არამედ ფართომასშტაბიანი ტექნიკური მხარდაჭერითაც. ევრობანკის თანადგომა ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პროექტის წარმატებაში; ახალ კომპანიას ექნება უმაღლესი დონის აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას და აწარმოებს მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასის მქონე ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს“, – აღნიშნა შპს Global Beer Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ჭანტურიამ.
გარდა აღნიშნული სესხისა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, შპს. Global Beer Georgia ასევე მიიღებს ევრობანკის FINTECC (კლიმატური ცვლილებების საკითხებისთვის ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი) პროგრამის გრანტს, თანადაფინანსებულს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. 73,000 ევროს მოცულობის გრანტი მოხმარდება კარბონის დიოქსიდის ზემოქმედების შემარბილებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც დაბლოკავს გაზიანი სასმელების წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგს.
ცნობისთვის, შპს. Global Beer Georgia-ს მფლობელია სს „თელიანი ველი“, რომელიც ქვეყნის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა და საქართველოს საფონდო ბირჟის სიაშია შეტანილი. სს თელიან ველს საქართველოში შემოაქვს Heineken® და Krusovice®, მაგრამ უახლოეს წლებში გეგმავს ამ ბრენდებისა და ასევე Amstel-ის უკვე საქართველოში წარმოების დაწყებას.