ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძული აგიოს-ეფსტრატიოსი სრულად გადავიდა მწვანე ენერგიის გამოყენებაზე. ახლა ადგილობრივები ელექტროენერგიას მზის პანელებისა და ქარის გენერატორებისგან მიიღებენ. საქმე ისაა, რომ ამ პატარა, ქვიან კუნძულზე ყოველთვის ძლიერი ქარია, წერს Fedarene.
აგიოს-ეფსტრატიოსი – პატარა კუნძულია ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სულ 250 ადამიანი ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში დასახლებას ელექტროენერგია მიეწოდებოდა მხოლოდ ადგილობრივი სადგურიდან, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობდა. ახლა, როცა კუნძული ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდა, მცხოვრებლებს ხელმისაწვდომი ექნებათ არა მხოლოდ საჭირო მოცულობის ელექტროენერგია, არამედ ცენტრალიზებული ცხელი წყალიც.
რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებით შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება, თუ რამდენ სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მზე დღეში და რამდენს – ქარი, ასევე რამდენი ენერგია სჭირდებათ ადგილობრივებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
გარდა ამისა, ენერგიის მართვის სისტემა ყოველდღე დაითვლის, რამდენი ელექტროენერგია იქნება საჭირო ცხელი წყლის ცენტრალიზებულ სითბომომარაგების სისტემისთვის. ამგვარად, გამომუშავებული ენერგიის დანაკარგი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
საინტერესოა, რომ აგიოს-ეფსტრატიოსის გამოცდილების გამოყენებას სხვა ბერძნულ კუნძულებზეც გეგმავენ.