გერმანულმა კომპანია Klatt Oldtimer-მა გასაყიდად გამოიტანა იშვიათი Mercedes-Benz 540K, რომელიც ოდესღაც ეგვიპტის მეფეს ეკუთვნოდა. დილერის განცხადებით, ავტომობილი პრაქტიკულად უნიკალურია, ხოლო მისი ფასი მხოლოდ რეალურ მყიდველებს ეცნობებათ.
კაბრიოლეტი 1937 წელს სპეციალურად ეგვიპტის მონარქისთვის საჩუქრად დაამზადეს. ოთხადგილიანი Cabriolet C მუქი შინდისფერი ფერისაა, ხოლო ინტერიერი ღია ფერის ძვირად ღირებული ტყავით არის გაფორმებული. ამ ტიპის ძარით სულ 122 ეგზემპლარი შეიქმნა.
მეფე ფარუკი ავტომობილს თითქმის 15 წლის განმავლობაში ფლობდა. 1952 წელს, ტახტიდან გადადგომის შემდეგ, მისი ქონება, მათ შორის ავტომობილების კოლექცია, აუქციონებზე გაიყიდა.

1988 წელს ეს Mercedes-Benz ეგვიპტელი კოლექციონერის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 2000 წელს გერმანიაში დაბრუნდა. მოგვიანებით ავტომობილს ხუთწლიანი სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი გარბენიც – ავტომობილს მხოლოდ 2 250 კილომეტრი აქვს გავლილი, თუმცა უცნობია, ეს მაჩვენებელი რესტავრაციის დასრულების შემდეგ აითვალა თუ მისი შექმნის დღიდან.

Mercedes-Benz 540K აღჭურვილია 5.4 ლიტრიანი კომპრესორიანი 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 4 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს.