ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ნივთების ახალი ბრენდი გამოჩნდა. Ek Lektika- ასე ჰქვია ბრენდს, რომლის ქვეშაც ამ დროისთვის სხვადასხვა სახეობის ნაქსოვი აქსესუარი იწარმოება. ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ჰალსტუხები, ბაფთები – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც Ek Lektika-ს დამფუძნებელი, ეკატერინე აბშილავა საკუთარი ხელით ქმნის.
”ბაზარზე Ek Lektika- რამდენიმე კვირაა გამოჩნდა, როგორც ნაქსოვი ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი. ჩემი აქსესუარების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ის არის, რომ ისინი ნაქსოვია. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნაქსოვი ბეჭდები, ყელსაბამები, არც თუ ისე ხშირად შეგხვედრიათ. მე პირადად, საქართველოში ასეთი არც მინახავს”, – აღნიშნა ეკატერინე აბშილავამ.
მისივე ინფორმაციით, Ek Lektika-ს ნივთები ამ ეტაპზე სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება, თუმცა ზაფხულამდე წარმოების გაფართოება და საკუთარი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
”მინდა, რომ აქსესუარებს საყოფაცხოვრებო ნივთებიც დავამატო – მაგალითად, ნაქსოვი ჭაღები, თაროები… ამასთან, ვაპირებ სამოსის წარმოებასაც, ზაფხულში კი თბილისში მაღაზიის გახსნას, სადაც ჩემი პროდუქცია გაიყიდება”, – აღნიშნა Ek Lektika-ს დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, ბრენდს კიდევ ერთი სიახლე აქვს, Ek Lektika-ს ხელნაკეთი აქსესუარები გერმანიაში გაიგზავნება, სადაც გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობს. როგორ დაინტერესდება ევროპა ქართული, ნაქსოვი აქსესუარებით, ამას უკვე უახლოეს მომავალში გავიგებთ.