„კობახიძე ვამხილე იმიტომ, რომ ის იყო ჩინჩალაძის მონა. ბოდიშის მოსახდელად მოიყვანა ივანიშვილმა ჩემთან და მეორე ხელით კალაძეს მოჰყავდა. ამას უყურებდა დეპუტატების დიდი ჯგუფი. მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, აი, რა ვერ მოინელა“,- ასე გამოეხმაურა პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია „ფორტუნას“ ეთერში ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომლის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, ეკა ბესელია ჯაშუშია და ის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული.
ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც ის ყოფილი მმართველი ძალის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, მაშინ ირაკლი კობახიძე არსად ჩანდა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის საკუთარ თავზე საუბრობდა. მე მერაბიშვილის და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში ვიდექი მთელი 5 წელი გადაბმულად. იმ პერიოდში ირაკლი კობახიძე გახსოვთ სადმე?! რამე მისი გამოსვლა, მისი საპროტესტო განცხადება, აქციაზე ყოფნა… 2019 წლის თებერვალი იყო, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ვთქვი, რომ არ სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეების 10 კაციანი სიის უვადოდ არჩევის საკითხს არ გამოვიტანდი. არ გამოვიტანე, გადავდექი და დავტოვე თანამდებობა. ირაკლი კობახიძე არის გავრილოვის და ზახაროვის თანაშემწე, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს.
მერაბიშვილი რომ მინისტრი იყო, ადამიანებს გვერდიდან გვაცლიდა და ქრებოდნენ, ვერ ვპოულობდით ცოცხალი იყო, თუ მკვდარი, აი მაშინ კობახიძე სად იყო? მე როგორ უნდა მომადგეს?! სწრაფად უნდა გავიგოთ, რა დიაგნოზი აქვს ამ ბიჭს. ქვეყანას რას უშვრება? ვის ხელშია მმართველი პარტია?“,- განაცხადა ბესელიამ „ფორტუნას“ ეთერში.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია და ვანო მერაბიშვილის ჩანერგილი რამდენიმე აგენტი მათ გუნდშიც იყო. მან მაგალითად, გია ხუხაშვილი და ეკა ბესელიამ მოიყვანა.
„ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები…მძიმედ დაგვაზიანეს“ – ირაკლი კობახიძე
გია ხუხაშვილი: „ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი“