ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „IT საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპის“, ასევე მისი დამფუძნებლებისთვის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსების გაუქმების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს კვლავ დააკვირდება – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ეკა გიგაურის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს აუხსნას, რატომ შეუცვალეს მის ორგანიზაციას სტატუსი და რატომ აუკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება:
„რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გააგრძელებს თავის საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით არჩევნების დღეს უშუალოდ ჩვენი ქოლგის ქვეშ, თუმცა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრი ვართ, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს დავაკვირდებით ჩვენი კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ისე, როგორც ამას ვაკეთებდით რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა არჩევნებს დავაკვირდით. გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, რომ გარკვეული არგუმენტები მოეძებნათ, თუმცა ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია. მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს, რატომ შეგვიცვალეს სტატუსი და რატომ აგვიკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება. ამიტომ, ეს არის ჩვენი კოალიციის და ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, დარეგისტრირდნენ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაში და ყველა გავიდეს არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია“,- თქვა ეკა გიგაურმა.
ყველანი არჩევნებზე ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დარეგისტრირდით ჩვენთან დამკვირვებლად wevote.ge -ზე! საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ! ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას! 💕🇬🇪🇬🇪🇬🇪🇪🇺🇪🇺🇪🇺🇪🇺
Posted by Eka Gigauri on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2024
ცნობისათვის, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა საკუთარი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპისა“ და მისი დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ.