“ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისწამებლური და მტრული დამოკიდებულება და ამცირებს ამ ეფექტიანობას,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ცხადი გახდა, კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბებში გადაზრდის მცდელობა რაღაც ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული”.
როგორც ჯაღმაიძემ თქვა, საზოგადოებაში სვამენ შეკითხვას, თუ რატომ მიიღო საპატრიარქომ მონაწილეობა დმანისში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოლაპარაკებებში და განმარტა:
“კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე, სახელმწიფო თავისთავად, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც მათ შორის. იქ იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში. მათი ჩართულობით, ჩვენთან ერთად, მოხდა პირველი ნაბიჯის გადადგმა მშვიდობისკენ, მადლობა ყველას. ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, საკმარისი გამოხმაურება არ აქვს ამ შერიგების სიხარულს, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფაქტია, ვიდრე ამის გაშუქება ხდება. ეკლესია თავისთავად არის მშვიდობისმყოფელი და როცა ჩვენდამი არსებობს ნდობა მოსახლეობისა, ეს უნდა გამოვიყენოთ, რათა მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მსგავს სიტუაციაში ეკლესიის ეფექტურობა მნიშვნელოვანია.” – თქვა მან.
ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეთნიკური ნიშნით ყოველი დაყოფა არის ძალიან საშიში:
“აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ როგორც საქართველოს მოყვარულებს, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. ყველას გვახსოვს, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველი დაყოფა ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება. ღვთის წყალობით, ამდენი ხალხის ჩარევით, სახელწიფოს მეცადინეობით, მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა.” – თქვა მან.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესიისადმი ცილისმწამებლური, მტრული დამოკიდებულება გარემოს ძალიან აზიანებს და საჭიროა მეტი დაფიქრება:
“საჭირო არის უფრო მეტი დაფიქრებულობა, რომ არ გავაღვივოთ კონფლიქტი, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ალბათ მედიასაც მართებს დაფიქრება, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, რათა ესკალაცია არ მომხდარიყო ვითარების. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საუბარი, შევაჯეროთ, დარწმუნებული ვართ, არავის ინტერესში არ შედის ეს კონფლიქტი, თუმცა უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რაც ჩვენ ადგილზე ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ ამ კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბში გადაზრდის მცდელობა. სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხოლმე, რომ დროულად აღვკვეთოთ მსგავსი ტენდენციები.” – თქვა ჯაღმაიძემ.