ეკონომიკის მინისტრი წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ზრდას ელის. ნათია თურნავას თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა, რათა გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზეც აისახოს.
„კონკრეტულ პროექტებს გეტყვით, „ნამახვანი ჰესი“ მაგალითად, 700 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე დღეზე ჩავალთ, რომ ეს მშენებლობა გავხსნათ. არის სხვა პროექტებიც ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ ენერგეტიკა არაა ერთადერთი მიმართულება, სადაც ინვესტიციების ზრდას ველოდებით, აქტიურად ვმუშაობთ, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზე აისახოს. რა თქმა უნდა, მარტივი არაა, რომ რომელიმე საწარმო სწრაფად გადმოვიტანთ და დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი და მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და საქართველოში გადმოვიდეს, მაგრამ ეს ის ტენდენციაა, რომელიც ზოგადად დაწყებულია, ეს ობიექტური გარემოებაა,“-აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში 41.7 პროცენტით შემცირდა. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.