LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანაში ინფლაციის მოსათოკად დამატებით ხარჯს ვაკისრებთ ადამიანებს” – გიორგი პაპავა ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შესახებ / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

36
სტატისტიკა

აზიის განვითარების ბანკი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 7%-ით გაიზრდება. ამის მიზეზი გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გადარიცხვები და ძლიერი შიდა მოხმარებაა.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2022-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია,“- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

ADB-ის პროგნოზითვე, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა, „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზზე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებზე და წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით გიორგი კეპულაძესთან ერთად საუბრობს.

– უფრო ზომიერია შეიძლება ითქვას, აზიის განვითარების ბანკის შეფასება, ვიდრე საქართველოს მთავრობის, რომელიც ორნიშნა ზრდაზეც კი საუბრობს 10%-მდე. უფრო კონსერვატიული მიდგომის შედეგია ეს თუ უფრო რეალისტურია, თქვენ როგორც ფიქრობთ?

იმის გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაც ვიცით წლევანდელი საშუალო ზრდა 10%-ია და ნახევარზე მეტი წელს უკვე გავლილია. ვფიქრობ, რომ 10%-თან უფრო ახლოს იქნება წელს ეკონომიკური ზრდა, ვიდრე 7%-თან. ADB-ის განახლება შეიძლება ეყრდნობოდეს ოდნავ უფრო ძველ ინფორმაციას, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ADB მომავალ წელს პროგნოზირებს უფრო მაღალ ზრდას, ვიდრე სხვა პროგნოზები, რომელიც ჩვენ გვაქვს ხოლმე და 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნაწილი იმ ზრდის, რომელიც ერთი სცენარით წელსვე შეიძლება რეალიზდეს, ADB-ის სცენარში უფრო მომავალ წელს გადადის ეკონომიკური აქტივობა. ორივე წლის კონტექსტში რომ შევხედოთ დიდად სურათს შეიძლება არ ცვლიდეს, მაგრამ ჩემი პროგნოზით, უფრო 8% ან 9% არის ყველაზე უფრო ზუსტი პროგნოზი წლევანდელი წლის.

 

– კი, 2 წელი დაახლოებით იგივე გამოდის აზიის განვითარების ბანკის პროგნოზითაც. მიზეზები, რაზეც არის საუბარი ამ დასკვნაში არის ექსპორტის ზრდა, ტურიზმი, ფულადი გადარიცხვები და ასევე ძლიერი შიდა მოხმარება, რაც ნიშნავს იმას, რომ პანდემიის შემდეგ ადამიანებმა ხარჯვას მოუმატეს. ამას ასევე ხელს უწყობს მაღალი ინფლაციაც, რადგან მეტი ხარჯი აქვთ შინამეურნეობებს, ოჯახებს, რაც ერთგვარი სტიმულია ეკონომიკური ზრდისთვის. ხომ არ დაამატებდით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, რა შეიძლება იყოს?

-გეთანხმებით. თვითონ ინფლაციამ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის ეროვნული ბანკისგან  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ბიძგი მისცა, შეანელებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, გამოსაყოფია ის ერთჯერადი შოკი, რომელიც გვქონდა მარტის თვიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში პროგნოზირებულზე უფრო დიდი უცხოური ნაკადი, ვგულისხმობ, როგორც ფულად გადმორიცხვებს, ასევე წმინდა მიგრაციულ ნაკადებს და ადგილობრივ ბაზარზე დახარჯულ თანხას.

მკაცრად უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდწილად ერთჯერადი აღმოჩნდება. შეიძლება, გარკვეულ სექტორებში დამატებითი რესურსი გააჩინოს, რომ კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, მაგრამ დიდწილად იქნება ერთჯერადი.

ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის ბოლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა ნაკადები კიდევ ერთჯერადად გაიზარდოს, მაგრამ ეს არ არის ის ფაქტორი, რომელიც წლების განმავლობაში რაღაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველს ჩაყრის.

აქამდე, მათ შორის, 2021 წელსაც იყო გადავადებული მოთხოვნა, 2021-ში მიგრაციული ნაკადები, პლუს საქართველოს მოქალაქეების მიერ გაზრდილი იყო მოხმარება და ეს ნამდვილად იყო მზარდი, თუმცა აქ უკვე გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, პლუს ევროკავშირსა და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, ეს ყველაფერი გადაითარგმნება უკვე გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებში, არამხოლოდ ლარში, არამედ უცხოურ ვალუტებში, დიდი ალბათობით მოთხოვნა უნდა მოთოკოს და ეს ფაქტორი, რაც არის ადგილობრივი მომხმარებლების მიერ მოთხოვნის კონტექსტში, დიდი ალბათობით ეს ფაქტორი უნდა ამოიწუროს.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ, როდესაც ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა კომპონენტებზე ვლაპარაკობთ, სამწუხაროდ ინვესტიციები არ თამაშობს იმ როლს, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარეობს თანხების დაბანდება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და რაღაც უფრო კონკურენტუნარიანი ბიზნესების განვითარება.

როდესაც მომხმარებლებისგან მომდინარე მოთხოვნა არის მთავარი წამყვანი ეკონომიკური ზრდის, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ეს ეკონომიკური ზრდა აღმოჩნდება ერთჯერადი და არ გადაითარგმნება გაზრდილ კონკურენტუნარიანობაში, შრომის ბაზარზე უფრო კვალიფიციურ კადრებში და ა.შ.

– დაგეთანხმებით, რომ მყიფეა ეს ზრდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ინვესტიციები არ ფიგურირებს, რადგან ინვესტიციების კუთხით, სამწუხაროდ ვერ გამოსწორდა მდგომარეობა. ზრდა არის მიზერული, წინა წლებთან შედარებით, ფაქტობრივად 2 ჩავარდნილი წელი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. აშკარად მეტია საჭირო, რომელიც აჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, როგორც მდგრადს და ბიზნესგარემოც უფრო გაუმჯობესებული იქნება ქვეყანაში.  ამას რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს და ბევრ გადაცემას ვუთმობთ ხოლმე ინვესტიციებზე საუბარს. 

ახლა კი მინდა ინფლაციასაც დავუბრუნდეთ. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 11% იქნება საშუალო წლიური ინფლაცია, თუმცა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, 9%-ზე ჩამოვა. აქაც შედარებით კონსერვატიულია აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, თუმცა მომავალი წლიდან ისინიც ელოდებიან ინფლაციის შემცირებას.

თქვენ რას ფიქრობთ გიორგი, რამდენად რეალისტურია? ალბათ, სადღაც 10%-ის ფარგლებში იქნება წლის ბოლოსთვის ინფლაცია.

-ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკი უყურებდეს, წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციას. ვგულისხმობ, იმას, რომ წლის პირველი ნახევარი ჩვენ გვქონდა 12-13%-იანი ინფლაცია და თუ ახლა ჩამოვა 9%-სკენ, საშუალოს თუ შევხედავთ გამოგვივა 11%-იანი ინფლაცია და ფინანსთა მინისტრი დიდი ალბათობით საუბრობს წინა წლის დეკემბრის პერიოდზე და ეს არსებული პროგნოზებით, ნამდვილად ერთნიშნა უნდა იყოს, რადგან ბოლო თვეს უკვე 10%-ს მივუახლოვდით და ორნიშნა ზღვარი 9%-ის მიმართულებით უნდა გადავლახოთ.

ინვესტიციებთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე არ მაქვს საუბარი, მათ შორის ადგილობრივი კომპონენტიც არ არის სახარბიელო.

ინფლაციას დავუბრუნდები – მათ შორის აშშ-ს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მანამდე ევროპის ცენტრალური ბანკის და დიდი ბრიტანეთის, კიდევ ერთხელ სურათი გვაქვს, რომ ინფლაცია მსოფლიო მასშტაბით იმ ტემპით არ კლებულობს, როგორც ამას ვვარაუდობდით.

მათ შორის ამერიკაში წინა თვეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდნენ, თითქოს უკვე პიკი გადალახულია, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა და 75 საპროცენტო პუნქტით გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი გუშინ ღამით, რაც ნიშნავს იმას რომ ჯერ კიდევ შორი გზაა, სანამ ინფლაციის მოთოკვას, არამარტო ჩვენ არამედ მთელ მსოფლიოში მოვახერხებთ.

ჩვენ რაც გამოგვარჩევს ამ კუთხით ევროკავშირისა და ამერიკისგან არის ის, რომ უკვე კარგა ხანია მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული გვაქვს და შეგვეშველება ფასების კონტექსტში ისიც, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც გაძვირდება.

ინფლაცია არის ალბათ ყველაზე კრიტიკული გამოწვევა დღეისათვის და უნდა გვახსოვდეს, რომ მის მოსათოკად საჭიროა ეკონომიკური აქტივობის შემცირება.

– გიორგი ბიუჯეტში იგეგმება ცვლილებები, თუმცა მთავრობა ხარჯების ზრდას აპირებს. საკმაოდ მაღალი დეფიციტი გვექნება წლევანდელი ბიუჯეტის. ამ ფონზე, როდესაც მაღალი ინფლაცია გაქვს და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, ფისკალური ხარჯების არ შემცირება და პირიქით, გაზრდა იმის გამო, რომ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რამდენად მოგვცემს კარგ შედეგს?

-ორივე მხრიდან არის არგუმენტი. ნამდვილად არაა სახარბიელო ამ დროს, როდესაც ასეთი მაღალი ინფლაცია გვაქვს და გვიწევს ამ მაღალი ინფლაციის ხარჯის გადახდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებით.

ინფლაციის მოსათოკად ვართულებთ ეკონომიკურ აქტივობას, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის, ანუ კონკრეტულ ხარჯს ვაკისრებთ ადამიანებს.

ამ დროს, როდესაც ფისკალურ ნაწილში ვცვლით ხარჯებს, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც მინიმუმ ხელს არ შეუწყობს ასე ვთქვათ, ფასების კლებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს რეალურად გადასახდელი იქნება მთლიანი მოსახლეობის.

მეორე მხრივ, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გაზრდილი შემოსავლების უმეტესი ნაწილი ვალის დაფარვასა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე მიდის და ნაკლებად ხარჯების ზრდაზე. მთლიანად, რომ ამ მიმართულებით არ წავიდა მთავრობა და კიდევ არ გაზარდა მისასალმებელია, თუმცა ის ზრდა, რაც არის ხარჯებში, სასურველი იქნებოდა, რომ ესეც უფრო მნიშვნელოვნად ნაკლები ყოფილიყო, რადგან დაგვეხმარებოდა ინფლაციის სწრაფად მოთოკვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები