პარტია “მოქალაქეების” ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იგი მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი, დეპუტატის ხელფასი გადარიცხოს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, “ჯერ ხელფასი არ ჩარიცხვია და არ იცის, რამდენია, მაგრამ მზადაა, გირაოსთვის გადარიცხოს.”
“ამასწინ, ნიკამ ეთერში მომმართა და თქვა, ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს, მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი ზედმეტი არავის აქვს, მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გულზე მეხატება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დაამატა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი სისტემის შედეგია, ხოლო “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს მართლმსაჯულება დატოვა.
“ეს კაცი, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს და “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა და უბედურება ისაა, რომ მთელი ის მართლმსაჯულება დატოვა, მურუსიძეები დატოვა და პროკურორების 95% დატოვა. ეს არის ჩემი მთავარი სასაყვედურო “ქართული ოცნებისადმი” და ამ შედეგებს ვიმკით. ციხიდან ეს არ გამოსწორდება, გამორიცხულია”, – აღნიშნა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.
მანამდე კი, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “მოქალაქეების” ლიდერს რამდენიმე განცხადებით მიმართა:
“ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა?
“ალეკო, მანდ არ მომიყვანო, აგიყვან და გამოგიტან პარლამენტიდან.”
“ენას კბილი დააჭირე და აღიარე, რომ „ოცნების“ მარიონეტი ხარ.”
წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი – მელია მისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების პროცესს ინტერესით ადევნებს თვალს
