ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 7 წელია ამზადებდნენ ამას და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას. ამასთან, პრემიერმა 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატი იჯდა.
„რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღესვე მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა პოლიციელებზე, რომლებიც იცავდნენ საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს.
„ალბათ, არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს“ აკისრებს.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.
