მიუხედავად იმისა, რომ ,,ბოჰემური რაფსოდია” 91-ე ,,ოსკარების” ტრიუმფატორად მოგვევლინა, მუსიკალური ბიოპიკი ,,ქუინის” შესახებ ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
აღმოჩნდა, რომ წლის მთავარი კინოდაჯილდოების შემდგომ გამართულ ერთ-ერთ ტრადიციულ წვეულებაზე მისულ სტუმრებს წინ დაუვიწყარი სიურპრიზი ელოდათ.
საქმე ისაა, რომ საღამოზე, რომელსაც „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი” მასპინძლობდა, ორგანიზაციის დამფუძნებელი ტერონ ეგერტონთან ერთად გამოჩნდა.
29 წლის უელსელმა ვარსკვლავმა, რომელიც ბიოგრაფიულ დრამაში Rocketman, ლეგენდარულ მუსიკოსს განასახიერებს, 71 წლის არტისტთან ერთად 1972 წლის ჰიტი Tiny Dancer შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დექსტერ ფლეტჩერის რეჟისორობით გადაღებული Rocketman, რომელიც ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერაზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 31 მაისს გამოჩნდება.
ქსელში ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი გავრცელდა (ფოტო/ვიდეო)