ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გრანტი გადაეცემათ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეებს გრანტი შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გადაეცემათ.
მიგრანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარია.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ამასთან,დაახლოებით ერთი კვირის წინ გაცხადდა, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტს 170 დევნილს გადასცემს.
კომისიამ გამარჯვებულები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 3 პროგრამის ფარგლებში გამოავლინა.
ესენია:
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა.
ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა.