ემიგრაციის მზარდი ტემპი და პრობლემები, რაც მოქალაქეებს საზღვარზე ან უცხოეთში ცხოვრების დროს ექმნებათ, რა რისკებია არალეგალურად საქართველოდან გასვლის ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს, როდის ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რა უნდა იცოდეთ და რა გაითვალისწინოთ, ამ თემებზე “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგია საუბრობს.
– როდესაც არალეგალურად მიდის ადამიანი, რა ძირითადი რისკები ჩნდება, რა ქეისები გქონიათ თქვენ ან ზოგადად რა საქმეები არსებობს იურიდიულ პრაქტიკაში
– მიგრაციის საკითხი აქტუალური გახდა იმის გამო, რომ სიდუხჭირეა საქართველოში, ამიტომ ხდება გადინება. ძირითადად, ეს არის სამუშაოდ წასვლა. არალეგალური ემიგრაცია, ცხადია, რამდენიმე რისკს შეიცავს. პირველ რიგში ვიცით, რომ არსებობს კომპანია, რომელიც გეუბნება, რომ უზრუნველყოფს ყველაფერს. მოქალაქემ უნდა მოსთხოვოს ამ კომპანიას კონტრაქტი და ინფორმაცია, რას სთავაზობს კონკრეტულად, რა მარშრუტით წაიყვანს, ჩასვლისას ვინმე თუ დახვდება, ვინ დააბინავებს, რა ვალდებულებას იღებს კომპანია ასეთ დროს.
– ასეთი ტიპის კონტრაქტები არსებობს ? ძირითადად, ზეპირსიტყვიერად ხდება დაპირებები
– კი, უმეტესად არის ზეპირი გარიგებები. როცა კომპანიას არაკეთილსინდისიერად მოქცევა აქვს ჩაფიქრებული, კონტრაქტს არ გააფორმებს. როცა ადამიანს უჭირს ფინანსურად და წასვლა უნდა, თანხმდება ამას. პირველ რიგში კონტრაქტი უნდა მოვითხოვოთ. მანამდე უნდა მოვიძიოთ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ახლობლებში მოვიკითხოთ, ინტერნეტში მოვიძიოთ. არსებობს ტრეფიკინგის საფრთხე. პასპორტი არავის უნდა გადავცეთ. თუ მაინცდამაინც ითხოვენ, ნოტარიულად დამოწმებული მიუტანონ და დედანი თავად დაიტოვონ. მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების გზები. არსებობს ე. წ. უკონტროლო წყლები, სადაც თუ მოხვდი, შეიძლება იმდენად საფრთხის შემცველი იყოს, რომ მეკობრეების ხელში აღმოჩნდეს. მაგ. ამერიკაში მექსიკის საზღვრიდან ცდილობენ შესვლას. სადაც კრიმინალური აქტივობა მეტია, რისკიც მეტია. ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ.
– არის შემთხვევები, როცა მიდიან ლეგალურად, მაგ. სასწავლო ვიზით და დარჩა. ადგილზე ასეთ დროს რა ტიპის პრობლემები ექმნებათ
– იქაური ქვეყნის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არის საერთო პრინციპი. თუ დავუშვათ, ლეგალად წავიდნენ და დარჩნენ, ყველა ქვეყნის საემიგრაციო სამსახური ეძებს ხოლმე არალეგალებს, გადაჰყავთ დაკავების იზოლატორში და დეპორტაციას უკეთებენ. ეს თემა ძალიან ფართოა. არიან მოქალაქეები, რომლებიც ჰუმანიტარულ სტატუსს ითხოვენ, თავშესაფარს, ამას კიდევ სხვა დასაბუთება უნდა.
– საუბრის ბოლო, შევაჯამოთ მთავარი რჩევები, რაც ემიგრაციის დროს უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა
– სჯობს, რომ სამართლებრივი კუთხით მოხვდე უცხოეთში, მაგრამ არალეგალობის შემთხვევაში, როგორც გითხარით, უნდა გავარკვიოთ, რა კომპანიას მივყავართ, კონტრაქტი დაგვიდონ, რა პირობებს გვთავაზობენ, რა მარშრუტით , სამუშაოთი უზრუნველყოფა თუ მოხდება, რა ანაზღაურებით… პირადობის მოწმობა ან პასპორტი არ მისცენ არავის, დედნები ჰქონდეთ თავად.