ემოციური გამძლეობა და მწუხარების დაძლევის ციკლი – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ბერუაშვილმა ისაუბრა.
ემოციური გამძლეობა და მწუხარების დაძლევის ციკლი – ქოუჩი ნინო ბერუაშვილი სტუმრად გადაცემაში “FM ქოუჩი”
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 19 აპრილი, 2022
რას მოიაზრებს მწუხარების დაძლევის ციკლი?
ჩვენს გარშემო ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რამაც შეიძლება შეგვაშფოთოს, აგვაღელვოს და ჩვენს მიერ დაგეგმილი გეზიდან და აქტივობებიდან გადაგვახვევინოს. ეს სიტუაცია თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობია, რადგან ბოლო 2 წელია უკვე ამ რეჟიმში ვართ: ჯერ კიდევ 2020 წელს პანდემიამ გამოგვაცალა ხელიდან სიტუაციის მართვა და კონტროლი და შეიძლება ითქვას, რომ უწონადო მდგომარეობაში დაგვტოვა, ხოლო სულ ახლახანს დაწყებულმა ომმა კვლავ გააღვიძა ჩვენში უსუსურობის განცდა დ ისევ გამოგვაცალა ხელიდან დაწყობილი გეგმები. ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც ჩვენ თითქოს საყრდენი გვეცლება ხელიდან და ფეხქვეშ მიწას ვეღარ ვგრძნობ. რა შეიძლება დაგვეხმაროს ასეთ სიტუაციებში? ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უნარი სწორედ ემოციური გამძლეობაა, რომელიც ასეთი სიტუაციების დაძლევაში გვეხმარება. ხოლო ჩვენი ემოციური გამძლეობისთვის მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რა პროცესი იწყება თითოეულ ჩვენგანში ასეთი ტრავმული სიტუაციების დროს.
არსებობს ე.წ. მწუხარების დაძლევის ციკლი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში იწყება, როდესაც ხდება გარკვეული ნეგატიური მატრამვირებელი მოვლენა იქნება, ეს ინდივიდუალური, მაგალითად ავადმყოფობა, ახლობლის გარდაცვალება, თუ კოლექტიური (პანდემია, ომი და ა.შ.). ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რას მოიცავს ეს ციკლი, რომ უკეთ გავაცნობიეროთ და მივიღოთ ჩვენი ემოციები და ასევე მიზანმიმართულად ვეცადოთ გადავადგილდეთ მეხუთე ეტაპისკენ.
მწუხარების დაძლევისას თითოეული ადამიანი გადის 5 ეტაპს. რა არის ეს ეტაპები?
უარყოფის ეტაპი – თავდაპირველ ეტაპზე მატრამვირებელი მოვლენა იმდენად რთული აღსაქმელია ადამიანისთვის, რომ მისი ფსიქიკა საერთოდ უარყოფს მის არსებობას და ასე იცავს თავს. მაგალითად, პანდემიის დასაწყისში ადამიანების დიდი ნაწილი საერთოდ არ აღიარებდა მის არსებობას ან ამბობდა, რომ ვირუსი არ გავრცელდებოდა მის ქვეყანაში, ალბათ გახსოვთ ასეთი გამონათქვამები: ,,საქართველოში ვირუსი ვერ გავრცელდება, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ.“ ,,ჩვენ გავიმარჯვეთ ვირუსზე პირველი ტალღის დროს“ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ზუსტად უარყოფის დამსახურება, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ შეამციროს ნეგატიური მოვლენის მნიშვნელობა, თუმცა როდესაც ეს უკვე შეუძლებელია, იგი გადადის მეორე ეტაპზე, რომელიც არის ბრაზის ეტაპი.
ბრაზი – აქ უკვე ჩვენში ჩნდება ისეთი ემოციები, რომელიც არის ბრაზი, შფოთვა, დაძაბულობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ჩვენ თვალებში ჩავხედოთ ჩვენს ემოციას და არ გავექცეთ მას. დიახ, ჩვენ გვაქვს, უფლება, რომ მატრამვირებელი სიტუაციის დროს ვიყოთ გაბრაზებულები. ხშირად ამ დროს ხდება, რომ ბრაზს მივმართავთ ისეთი ობიექტის მიმართ, რომელიც არაფერ შუაში არ არის და განტევების ვაცად გვევლინება. ემოციის გაცნობიერება და მიღება ზუსტად გვეხმარება იმაში, რომ მას გავუმკლავდეთ და არ მივმართოთ ისეთ ობიექტზე, რომელიც არაფერ შუაშია. ეს ბრაზის ეტაპი ყველაზე კარგად გამოვლინდა ომის დაწყებისას, როდესაც ფაქტიურად უარყოფა შეუძლებელი იყო და თითოეული ჩვენგანი განიცდიდა ინტენსიურ ბრაზს, რომელსაც თუ ვერაფერს უხერხებ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი პრობლემა გახდეს.
მესამე ეტაპი კი უკვე არის ე.წ. მოლაპარაკების ეტაპი – ამ დროს ვცდილობთ, რომ მოვერგოთ არსებულ სიტუაციას მასთან მორიგების გზით. ამ დროს ადამიანი იყალიბებს გარკვეულ აზრებს, რომელიც მას თითქოსდა ეხმარება სიტუაციასთან გამკლავებაში, მაგალითად ჩვენ ბევრჯერ გაგვიგია: პუტინი თავს მოიკლავს კარცერში, ან მას მისი გარემომცველები მოკლავენ – ეს ასე იქნება, თუ არა, არავინ იცის. ეს ფაქტია, რომ არის ზუსტად მესამე ეტაპის შედეგბი – ჩვენ ვცდილობთ სიტუაცია პროგნოზირებადი გავხადოთ ასეთი ტიპის მოსაზრებების ჩამოყალიბების გზით. თუმცა სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ასეთი მოსაზრებები, როგორც წესი, არის არარაციონალური და ამ დროს ადამიანს ღრმად სჯერა ამ მოსაზრების, რის გამოც შესაძლოა სხვა განსხვავებული მოსაზრების მქონე პიროვნებას დაუპირისპირდეს კიდეც. ასე რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსაზრებებს კრიტიკულად შევხედოთ და დავფიქრდეთ, ეს მოსაზრება რამდენად ეფუძნება რაციონალურ საფუძველს.
დათრგუნულობა – მეოთხე ეტაპია, როცა ჩვენ იმდენი ფსიქიკური ენერგია გვეხარჯება სიტუაციასთან გამკლავებისთვის, რომ ეს ძალიან დიდ ენერგიას გვართმევს და შესაბამისად, ვიფიტებით. ეს კი აისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და ვგრძნობთ დათრგუნულობას, დეპრესიულ განწყობას. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ემოციებს ისევ თვალებში ჩავხედოთ და შევიგრძნოთ, ზოგადად რთულ სიტუაციებში ყველაზე საუკეთესო რჩევაა, რომ საკუთარი თავის მიმართ გამოვიჩინოთ მეტი თანაგრძნობა. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია ზუსტად ამ ეტაპზე: ნუ შეეცდებით საკუთარი თავი აიძულოთ იყოთ კარგ ხასიათზე, შეეცადეთ გაუგოთ საკუთარ თავს, რა გჭირდებათ, რა დაგეხმარებოდათ ამ სიტუაციაში, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა, ფეხით სეირნობა, მეგობართან სიღრმისეული, გულწრფელი საუბარი და ა.შ.
რამდენად მნიშვნელოვანია სიტუაციის მიღება?
ბოლოს დგება დრო, როდესაც ჩვენ ვიღებთ სიტუაციას ისეთად, როგორიც არის და ვიწყებთ ფიქრს, თუ რა მოვუხერხოთ მას. ანუ სიტუაცია ბოლომდე დაძლეულად, გადალახულად ითვლება, როდესაც ადამიანი ახერხებს მის სრულფასოვნად მიღებას ისეთად, როგორიც არის და იწყებს მისთვის საზრისის მინიჭებას. საზრისი ეს არის ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი გარემოსა და საზოგადოებისთვის. ასეთი სიტუაციები რთული იმიტომ არის, რომ ჩვენ თავს უსუსურად გვაგრძნობინებს, რადგან ჩვენი კონტროლის მიღმაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, თუ რისი კონტროლი შეგვიძლია ამ უკონტროლო სიტუაციაში, რაც ჩვენს ღირებულებებს ეხმიანება და მიზანმიმართულად დავიწყოთ ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც ჩვენს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის. მათ შორის ახლა ჩემთვის ემოციურ გამძლეობაზე და მწუხარების დაძლევის ციკლზე საუბარი არის ზუსტად ამ სიტუაციისადმი საზრისის მინიჭების მცდელობა, რომლის დროსაც მე ვაცნობიერებ, რომ ომის მოგება არ შემიძლია, მაგრამ ჩემს წილ ომს მოვიგებ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ ადამიანებს მივაწოდო ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ უკეთესად ყოფნაში დაეხმარება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მწუხარების დაძლევის ციკლის ცოდნა? პირველ რიგში, წინასწარ ვიცით, თუ რას შეიძლება ვგრძნობდეთ და ვემზადებით ამისთვის, არ გავურბივართ ჩვენს ემოციებს და თვალებში ვუყურებთ მას და სიტუაციისადმი საზრისის მინიჭების შედეგად ვცდილობთ არსებული რეალობა შევცვალოთ უკეთესობისკენ.