ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია სასამართლო ინსტიტუტებს ბიზნეს-სუბიექტების მიმართ ”ზღვარგადასულობაში” ადანაშაულებს.
როგორც ჯგერენაია აცხადებს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ინვესტორები საქართველოში არ შემოდიან.
”ინვესტორებს არ აქვთ ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაცია. ინვესტორმა ხომ არ უნდა იაროს დერეფან-დერეფან. მას უნდა ჰქონდეს ცივილური წესით მიღებული ინფორმაცია. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ, რატომ არ კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად ესა თუ ის სამუშაო. იმიტომ, რომ სასამართლო გავიდა ნებადართულ ზღვარს მიღმა. მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ეს სიტყვა – სასამართლო ვაკხანალიაშია გადასული. ყველას აყადაღებს – დიდს და პატარას. იმით კი არ ზომავს თუ რა დააშავა ვინმემ, არამედ იმით, ვის რისი გადახდა შეუძლია,” – განაცხადა ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, სასამართლოს ძველი ზეწოლის ბერკეტი მოშორდა, თუმცა, შემდეგ ქაოსში გადავიდა.
”ორ-ორი წელი იხილავენ საქმეებს, დაუსაბუთებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და აყადაღებენ ინვესტორის, შინაურის, გარეულის ქონებას. მესმის, რომ მძიმე სიტყვებს ვამბობ, მაგრამ მზად ვარ დღესვე დავდო შესაბამისი დოკუმენტები. როგორ უნდა შეუკვეთოს მერიამ ტენდერი და გამოაცხადოს გამარჯვებული, როცა მოთხოვნაა, რომ ტენდერში თუ გაიმარჯვებ, არ უნდა გქონდეს სასამართლო დავა. ასეთ ორგანიზაციას მერია ვერ მონახავს. ყველას აქვს სასამართლო დავა და მათი 80% აბსოლუტურად უსაფუძვლოა,” – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს არამართებული ქმედების ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე. ჯგერენაიას განმარტებით, 4 ათასი ლარის გამო, ქარხანას თითქმის 400 მლნ ლარის ქონება დაუყადაღეს.