LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებელთა ასოციაცია: პროგრამაში ”ცხოვრება გრძელდება” ფიქტიური გარიგებების პრევენცია უნდა გაკეთდეს

198

სამთავრობო პროგრამაში ”ცხოვრება გრძელდება” ფიქტიური გარიგებების პრევენციაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში ”ბიზნესკურიერი” ”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ კორძახიამ განაცხადა.

მისი თქმით, იდეა ნამდვილად კეთილშობილურია, თუმცა, ჯერჯერობით, ბიზნესისთვის უცნობია, რამდენად იქნება ის აღსრულებადი.

”შიში შეიძლება იყოს იმის, რა გამოცდლებაც გვაქვს წარსულიდან -გარკვეული ფიქტიური გარიგებების პრაქტიკა არ მივიღოთ. ამის პრევენციაზე იქნება, ალბათ, ყველაზე დიდი აქცენტი გასაკეთებელი,” – განუცხადა ”ფორტუნას” კორძახიამ.

მისივე თქმით, მთავრობის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ბიზნესი ზოგადად მოლოდინის რეჟიმშია და მეტ კონკრეტიკას ელოდება. როგორც კორძახიამ აღნიშნა, მხოლოდ პროგრამის სათაურის დაანონსება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ასოციაციამ პოზიცია ჩამოაყალიბოს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად გამართლებული იქნება ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე პენსიონერების დასაქმება, ’საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში” ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა, ეკონომიკურად გამართლებულიც იყოს. კორძახიას განმარტებით, ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ კარგი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება, შესაძლოა, ისინი ბიზნესისთვის სასარგებლო კადრებად იქცნენ.

”მთავარია, როგორი იქნება წახალისება, ფოკუსირება ვისზე მოხდება და როგორ განხორციელდება – ადამიანებზე, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია არ მუშაობენ თუ ადამიანებზე, რომლებიც გარკვეული ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, სამსახურიდან გათავისუფლება-არგათავისუფლების ზღვარზე არიან. საინტერესოა, რა იქნება მთავარი მოტივაცია იმ ადამიანისთვის, რომელმაც გარკვეულ  ასაკს მიაღწია, რომ არაპირდაპირი გზით ბიზნესსაც წაადგეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ იდეის განვითარება ისე, რომ ორივე მხრისთვის ეკონომიკურად მისაღები იყოს” – აღნიშნა მიხეილ კორძახიამ.

ახალი სამთავრობო პროგრამა ”ცხოვრება გრძელდება” პენსიონერების დასაქმებას გულისხმობს. მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგემება. პროგრამაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვისა და ფინანსთა სამინისტროები მუშაობენ.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, პროგრამა გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ.