LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკის სამინისტრომ ”გარდაბანი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორების პირობები დაიწუნა

123

თბოსადგურ ”გარდაბანი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორების დაინტერესება არის, თუმცა არა იმ პირობებით როგორიც ქართული მხარისთვის მისაღებია.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, შესყიდვის ფასები საკმაოდ მაღალია და ინვესტორები სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ გარანტიებს ითხოვენ.

”ინვესტორების მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ამ ეტაპზე მიუღებელიაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ისე არ გვიჭირს, ასეთი ტიპის გარანტიები გავცეთ. ინვესტორებს უნდათ საინვესტიციო პროექტები, ოღონდ გარკვეული სახელმწიფო გარანტიების ხარჯზე. ჩვენ გვინდა, რომ ინვესტორებს გარანტიები მისცეს ბაზარმა და არა სახელმწიფომ, ანუ ბიუჯეტმა”, – განაცხადა ვალიშვილმა.

გარდაბნის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა გამოაცხადა. გამოკითხვაში მონაწილეობა ექვსმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. ფასთა გამოკითხვა 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საინჟინრო, შესყიდვების და მშენებლობის (EPC/Turn Key) პროექტის შესყიდვას ითვალისწინებდა.

”გარდაბანი 2” ბუნებრივ გაზზე იმუშავებს, ექნება ორი ტურბინა, ორივე ტურბინის გენერატორი. აგრეთვე, თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი, ორთქლის ტურბინები, გამაგრილებელი სისტემები. ”გარდაბანი 1”-ის წყლის სისტემა მოდიფიცირებული და სინქრონიზებული იქნება ”გარდაბანი 2”-თან.

გარდაბანში პირევლი თბოელექტროსადგური გასული წლის ივლისში გაიხსნა. მის მშენებლობაზე 231 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა. ”გარდაბანი 1” თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-მ ააშენა. მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსეს. თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები