LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურის ხიდის კვეთის სანაცვლოდ, ქრთამის რაოდენობა შემცირდა: DRI კორუფციულ სქემაზე

83
1

“ენგურის ხიდის კვეთის სანაცვლოდ ქრთამის რაოდენობა 3000-დან 2000 რუსულ რუბლამდე შემცირდა.” – ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს, ყურადღებას კორუფციულ სქემაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ “საზღვრის” გადალახვის სირთულე, პროცედურები და აკრძალვები, გალის რეგიონის ქართველებს მისი “დარღვევისკენ” ზოგჯერ სიცოცხლის სანაცვლოდ უბიძგებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გალის რეგიონის იზოლაციაზე მსჯელობები ხშირ შემთხვევაში ე.წ. ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მკაცრ რეგულაციებამდე დაიყვანება, რომლის მიზანიც, ენგურს გადაღმა დარჩენილი მოქალაქეების საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან და სახელმწიფოებრივი სივრციდან დაშორებაა.

❗️   DRI ხელისუფლებას და და საერთაშორისო საზოგადოებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული “რეგულაციების” ეფექტი, გალის რეგიონის მცხოვრებთათვის, ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს, რაც ზოგჯერ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ენგურის ხიდზე არსებული კორუფცია კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ეთნიკურ სეგრეგაციას და მის საფუძველზე წახალისებულ დისკრიმინაციას, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მმართველი ჯგუფებისთვის მონეტარულად გამოხატული დივიდენდები მოაქვს:

“ეს უკანასკნელი ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად გალის რეგიონის მცხოვრებთა მოთხოვნებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ, ამ კორუფციული კაბალისთვის თავის არიდების გამო, მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ნაკლებად სავარაუდოა შეიცვალოს”.

DRI-ში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული კორუფციული სქემა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და ძალოვნების წარმომადგენლებისთვის მომგებიან ბიზნესად რჩება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი, გარდა დანარჩენი საქართველოსგან პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური “დაშორების” ფუნქციისა, მის კონტროლში ჩართული პირებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს:

“მიუხედავად აკრძალვებისა, ხიდის გადალახვა ქრთამის სანაცვლოდაა შესაძლებელი, 2000-3000 რუსულ რუბლად (88-132 ლარის ეკვივალენტი) ნებისმიერი ტვირთის, მათ შორის აკრძალული საქონლის გადატანა-გადმოტანაა შესაძლებელი და გადაადგილებაზე არსებული ასაკობრივი შეზღუდვაც (ამჟამად მოქმედი რეგულაციით, 17-40 წლის ასაკობრივ ჯგუფს ეკრძალება ე.წ. საზღვრის გადალახვა) შეუძლიათ უგულებელყონ.

ეს მდგომარეობა ტვირთად აწვება ადგილობრივების ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ხაზს უსვამს გალის რეგიონის მაცხოვრებლების უთანასწორობას აფხაზ ჩინოსნებთან მიმართებაში, რომლებიც ამ “რეგულაციებით” – კორუფციით მდიდრდებიან.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

DRI-ის ინფორმაციით, არსებული ასაკობრივი შეზღუდვა, ივნისის თვის დასაწყისში, გაიზარდა:

“თუ აქამდე ენგურის ხიდზე მოძრაობა 17-40 წლის პირებს ეკრძალებოდათ, ახლა ზედა ზღვარი 59 წლამდე გაიზარდა, რაც პოტენციურ ქრთამის გამცემთა რაოდენობას მკვეთრად ზრდის. ცხადია, ამ ცვლილების მიზანიც სწორედ ესაა და არა ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. საზღვარზე ქრთამის გადაცემის ფაქტზე, რომელიც მისივე ცნობით, გალის მაცხოვრებელმა ფარულად გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა:

“ამ რეალობის სააშკარაოზე გამოტანას მოქალაქეების საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აქციის შედეგად, გალის რეგიონის ადმინისტრაცია ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა. თუმცა, ამჟამად, ერთადერთი “საშეღავათო” ცვლილება ისაა, რომ “მესაზღვრეები” ქრთამად 3000-ის ნაცვლად, 2000 რუსულ რუბლს იღებენ.” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g