LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვართან“ დაწესებული შეზღუდვების გამო ხელისუფლებას მიმართავს

122
ენგურის ხიდი

სახალხო დამცველი ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ფაქტს ეხმაურება და საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად, დღესასწაულებს ემთხვევა.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ე.წ. გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას – საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება.

კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით.

პოპულალურები