„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან და ასევე, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნავენ, რომ თავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია და ის ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით – „ბლოკჩეინ“ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო:
„პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა.
ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა.
პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონალური პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებებზე მუშაობას პარტიაში ახლად მოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან.
რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის, სხვადასხვა სოციალური ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსების კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია.“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.