„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ.“
„კომიკური ფიგურა“ – მათიკაშვილის პასუხი ხაბეიშვილს
„მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ.
ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს. ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა და ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება.
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ,“– განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხალხს ჰყავს მთავარი მტერი – ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.