„ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა „დასავლეთთან დაშორების“ შესახებ სიცრუეა.
„ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა.
სინამდვილეში: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა. NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა. 2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი“, – აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
