ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკის და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, – ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა.
„ხშირად გვეკითხებიან, რით აიხსნება, რომ ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში ბოლო 2 კვირის მანძილზე COVID სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე ბევრ (70-ზე მეტ) სრულად ვაქცინირებულ ქვეყანაში. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ვაქცინაცია არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა? კატეგორიულად არა. მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე COVID პანდემიის ბოლომდე დაძლევა შეუძლებელია. ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს COVID ინფიცირების რისკს და განსაკუთრებით მკვეთრად (სულ ცოტა 10-ჯერ) ამცირებს COVID გარდაცვალების შემთხვევებს. შესაბამისად, საქართველოში ვაქცინაციით მოცვა ისეთივე მაღალი რომ იყოს, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მაშინ ჩვენთან COVID სიკვდილიანობა კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა.
და ბოლოს – COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას. უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ჰონგ კონგი, იტალია, ავსტრალია, ბრიტანეთი და სხვ.) ჯერ კიდევ აღინიშნება ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები.
საქართველოში პრაქტიკულად მოხსნილია ყველა მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ქვეყანა და მისი მოსახლეობა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც ყველას ასე ძალიან მოგვენატრა. უმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია სიფხიზლე და რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობა ექიმებთან“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
