LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებისა და მასწავლებლების აცრა სავალდებულო ხდება? “ამირანი ჩემი მეგობარი და უჭკვიანესი ექიმია, მაგრამ …” – რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო

252
7777

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ექიმებისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

„ეს ჩემი პირადი მოსაზრება და რეკომენდაციაა, რომელსაც პირველად არ ვაჟღერებ“, – განაცხადა გამყრელიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში. 

საკითხი უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე კვლავ განიხილება.

გამყრელიძე ამბობს, რომ პაკეტი წინადადების განხილვის სტადიაშია ჯერ სამინისტროში და შემდეგ საბჭოზე და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლესი კვირების განმავლობაში მიიღებენ.

გამყრელიძის სიტყვებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარადგინა პაკეტი, რომელიც როგორც არაპირდაპირი, ასევე პირდაპირი მექანიზმებით გააქტიურებს აცრებს.

გამყრელიძე: სივრცეებში „მწვანე პასპორტებით“ დაშვების მექანიზმზე მუშაობა მთავრდება, ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება

საკითხთან დაკავშირებით „ფორტუნა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ლადო კახაძეს დაუკავშირდა.

„ეს მარტო ამირან გამყრელიძის აზრი არაა, ეს არის ამერიკელების, ისრაელებისა და ბელგიელების აზრი, რომლებმაც თქვეს, რომ იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან კონტაქტურები არიან, ვაქცინაცია ავალდებულო იყოს.

ჩემი აზრი ასეთია: მე სავალდებულო ჩავთვალე ჩემთვის, რომ ავცრილიყავი, სავალდებულოდ ვთვლი, ყველას ვუთხრა, რომ აიცრას. 

სავალდებულოდ ვთვლი, ინდივიდმა გადაწყვეტილება მიიღოს აცრის სასარგებლოდ, მაგრამ მე მას ძალით ნემსს ვერ გავუკეთებ. 

მე ადამიანის გონებას და პრაგმატულობას ვენდობი. მინდა, რომ ვისაც ველაპარაკები,  ველაპარაკო პრაგმატულ და ჭკვიან ადამიანს, რომლის გადაწყვეტილება არამარტო მისთვის იქნება მისაღები და სასარგებლო, არამედ იმ საზოგადოებისათვის, სადაც ის იშრომებს, იღვაწებს, დაისვენებს და გაერთობა“. – აცხადებს კახაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

კახაძე ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოპოზიცია გაპროტესტების რეჟიმში იქნება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოპოზიციური ფლანგი გამოენთება და დაიწყებს გადაწყვეტილების ლანძღვასა და გინებას.

ამირანი ჩემი მეგობარი და უჭკვიანესი ექიმია, ბრწყინვალე პროფესიონალი და კარგი ორგანიზატორია, მაგრამ მე როგორც ლადო კახაძეს, მის მეგობარს, მაქვს ჩემი შეხედულება. 

თუ კომიტეტი ჩემს პოზიციაზე დარჩა, ოპოზიცია, იტყვის, რატომ არ უნდა იყოს სავალდებულოო.

როგორც კი სავალდებულო გახდება, მაშინვე იტყვიან, სავალდებულო არ უნდა იყოსო. ნებისმიერ შემთხვევაში  მე ჩემს აზრზე დავრჩები“. – აცხადებს კახაძე.

კახაძეს თქმით, ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

„ჯერ კომიტეტის სხდომა არ ყოფილა, როდესაც ეს აზრი შემოვა სამსჯელოდ, იქ ჩემს აზრს დავაფიქსირებ.

დიდი იმედი, მაქვს, რომ ჩვენ საუბარს, რომელსაც თქვენ დაწერთ, წაიკითხავს ადამიანი, ვისაც ტვინი აქვს. ეს ტვინი იფიქრებს, მიიღებს გადაწყვეტილებას და ის გადაწყვეტილება იქნება სწორი.

ძალა როგორც არ უნდა დავატანო მე, არიან ადამიანები, რომლებიც აცრას არ იკეთებენ და მტრობენ თავის თავს და იმ საზოგადოებას, რომელშიც მოღვაწეობენ“, – ამბობს ლადო კახაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g