სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეკანოზ გიორგი მამალაძის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, მას ადგილზე საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მამალაძის მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასებულია როგორც რთული და პრობლემები უფრო ნევროლოგიური მიმართულებითაა დადგენილი.
„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები. ამ ადამიანებმა შეისწავლეს როგორც სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ადგილზე მოინახულეს მამალაძე, როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, ანუ მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ, ეს დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე გადავეცით თავად მამალაძეს და მის ადვოკატებს. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ეს არის პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ იქნება ადვოკატების ან თავად მამალაძის სურვილი, რომ გაასაჯაროვოს ეს დასკვნა, ცხადია, მათ გასაჯაროვება შეუძლიათ”, – განაცხადა ლომჯარიამ.