ევროკავშირის ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტი “ერასმუსის” ყალბი ვებგვერდი, გაცვლითი პროგრამის სახელით, რამდენიმე თვეა არსებობს.
უცნობი ადამიანები სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში უფასო დასვენებას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი ისეთ პერსონალურ მონაცემებს ითხოვნდნენ, როგორიცაა: პირადობის მოწმობის ასლები,საცხოვრებელი მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. შედეგად, უცნობმა ადამიანებმა ათასობით სტუდენტის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს.
ერასმუსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქმის კურსშია. მათ განცხადება გაავრცელეს და სტუდენტებს საგანგებოდ მოუწოდებენ არ გასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები. ასევე, საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ დროულად დაიწყონ გამოძიება.
“კიდევ ერთხელ “ერაზმუსის უფასო საზაფხულო სკოლების შესახებ” – ვარკვევთ ორგანიზაციის არსებობის და სანდოობის ხარისხს. ჩვენთვის ეს ორგანიზაცია (https://www.facebook.com/profile.php?id=100003032226389) სრულიად უცნობია. ამასობაში გვინდა მაინც გაგაფრთხილოთ ისინი, ვინც უკვე გაუგზავნა საკუთარი პირადობის მოწმობა – უარეს შემთხვევაში შესაძლოა თქვენი მონაცემები გამოიყენონ online სესხების აღებისათვის. მე პირადად თქვენს ადგილზე პოლიციას მივმართავდი. უკეთეს შემთხვევაში ეს უბრალოდ უნიათოდ გაკეთებული რეკლამაა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა”- ნათქვამია ერასმუსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
ბუნებრივია, რადიო ფორტუნამ სცადა ვებ-გვერდის ადმინისტრაციისგან საპასუხო პოზიციის გაგება. თუმცა, მათ სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვთ.