LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა 94% გამოცხადდა, გამოცდიდან 1 მასწავლებელი და 3 აბიტურიენტი მოიხსნა – ეროვნული ცენტრის შეჯამება

118
BeFunky-collage (24)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა. სოფიო გორგოძის განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდებზე დაახლოებით 94% , ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 600-ზე მეტი სტუდენტიდან  78%-ზე მეტი პირი გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი, მიზეზი მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანა იყო.

სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან, მასწავლებლის საგნის გამოცდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12 600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი. მისივე განცხადებით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, მასწავლებლობის მსურველთა შედეგების განთავსება ცენტრის გვერდზე აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, მაგისტრობის კანდიდატებს, საკუთარი შედეგების ნახვის საშუალება სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ექნებათ.

გორგოძე აცხადებს, რომ სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება და განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდ-ზე: www.naec.ge.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი, ხოლო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია მიიღებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ. ცენტრის განმარტებით, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

 

 

აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში უმაღლესი შეფასება 32-მა აბიტურიენტმა მიიღო.
სოფიო გორგოძის განმარტებით, საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ.

„სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები