2018 წლის 2 აპრილს, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. როგორც ფესტივალის ვებგვერდზეა მითითებული, კინოფესტივალს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მასპინძლობს, ღონისძიებაზე კი რამდენიმე ფილმი ევროპის ქვეყნებიდანაც იქნება ნაჩვენები.
ეროვნული კინოცენტრი სოხუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული [რუსეთის ფედერაციის მიერ], საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ასეთ პირობებში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი თხოვნით მიმართავს კოლეგებს – კინემატოგრაფისტებს მთელი მსოფლიოდან, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის „რბილმა ძალამ” და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.
ეროვნული კინოცენტრი წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კინოცენტრებთან, კინოფონდებთან, კინოინსტიტუტებთან თუ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებთან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევატყობინოთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა არ შევიდნენ შეცდომაში და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა” – წერია კინოცენტრის განცხადებაში.
