საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი „შიდა აუდიტი მმართველობით კონტექსტში“ ჩატარდა.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გახსნა.
„შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვისაა მნიშვნელოვანი. სასიამოვნოა, რომ კოლეგებს ჩვენი სიახლეები და გამოცდილება ყოველწლიურად აინტერესებთ“, – განაცხადა თურნავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნის 12 ცენტრალური ბანკის შიდა აუდიტორები. საქართველოში შიდა აუდიტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ღონისძიებაზე საქართველოს კომერციული ბანკებისა და სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც მიიწვია.
ღონისძიების ფარგლებში ცალკეული სესიები ისეთი აქტუალური თემების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა: მმართველობა და მისი არსი, რისკის მართვა და კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა, მმართველობითი პროცესების აუდიტი, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები.