მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს.
კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.
განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.
რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.
რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მიაწოდოს მას ინფორმაცია, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.
მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და პირველ ეტაპზემხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.
