საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, შედეგად, ის 8.25 პროცენტს შეადგენს.
როგორც ეროვნული ბანკში აცხადებენ, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა. ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს. ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა.
მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ. მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, თავის მხრივ, ამცირებს მეორე რიგის ეფექტების რისკებს და მიზნად ისახავს, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ზრდა გაგრძელდება. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს ჩატარდება.
