LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ დასაქმებულზე მოდის ერთი უფროსი, აქ ნახავთ სტეპლერების მენეჯერს და მოადგილის მოადგილეს“ – რას ითხოვენ “ბორჯომის” ქარხნის გაფიცულები თანამშრომლები / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

56
ბორჯომი

ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. გაფიცულია 400 ადამიანი.

დასაქმებულები იქამდე აპირებენ გაფიცვას, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. რთული მდგომარეობა კომპანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა კომპანია ბორჯომზეც იმოქმედა, რადგან მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, სანქცირებული ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის „ალფა“ ჯგუფია.

რას ითხოვენ გაფიცულები და ზოგადად, რა მდგომარეობაა ბორჯომის ირგვლივ?

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს  გიორგი დიასამიძე – აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე.

 

 

– გიორგი, რა მდგომარეობაა ახლა ბორჯომში და რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულებს?

– დღეს 31 მაისს დილის 6:00 საათიდან განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა. გაფიცვას წინ უძღოდა სამედიაციო პროცესი, რის შემდეგაც შეთანხმება ვერ შედგა. დასაქმებულები იყენებენ გაფიცვის კანონიერ უფლებას. ჩვენ ვიცავთ კანონს, თუმცა „IDS ბორჯომი საქართველო“ ყოველდღიურად არღვევს შეთანხმებას, არღვევს კანონს და დასაქმებულებს ხელფასებს არ ურიცხავს.

ვინც მათ მიერ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს მოაწერს ხელს, ხელფასებს მათ ურიცხავს.

უკანონოდ გაათავისუფლია 50 ადამიანი  და ჩვენ მათ სამსახურში  დაბრუნებას ვითხოვთ.
შიში, შანტაჟი, მუქარა და იძულება ჩვეულებრივ წესად იქცა „IDS ბორჯომი საქართველოსთვის“. ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას და სხვადასხვა ორგანოებს, რათა დასაქმებულების უფლებები დაცული იყოს.

ქარხნის შესასვლელს პოლიცია იცავს, მაგრამ გაფიცულებს არავინ იცავს და თუ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შრომითი პირობები აღდგენილ იქნეს.

ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ბორჯომის ქარხანასთან დაკავშირებით. თუმცა ამ განცხადების შემდეგ, 4 დღეში 50 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დღეის მდგომარეობით სრულმასშტაბიანი გაფიცვაა და ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხანა  – პარალიზებულია.

მე წარმოვადგენ დასაქმებულთა ინტერესებს, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დამსაქმებლებთან სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა.

რეალურად მათ ეს პროცესი დაიწყეს 3 თვის წინ. მათ ჰქონდათ დიდი მარაგები. დასაქმებულებს ამუშავებდნენ ზენორმატიულად. შექმნეს ძალიან დიდი მარაგები და შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენეს დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების გაუარესებისთვის.

დიდი ხნის წინ ჰქონდათ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული, მათ შორის თქვენთვისაც, ასეთი შესავალი რომ გაგეკეთებინათ და საზოგადოებისთვის თვალები აეხვიათ, და ეთქვათ, გვიჭირს და ცუდ მდგომარეობაში ვართო.

– ანუ ეს ყველაფერი მანამდე დაიწყო.
– კი და ჩვენ როდესაც ვაკვირდებით მოვლენებს, ვხვდებით, რომ ამ ყველაფრისთვის მზადება სამი თვის წინ დაიწყეს.
მოდით ჩავთვალოთ, რომ მე და დასაქმებულები ვცდებით და არასწორია ის მოსაზრება, რასაც ახლა ვაყალიბებ.

ფრიდმანი, რუსი ოლიგარქი, (რა მნიშვნელობა აქვს ვინაა, სანქცირებული ოლიგარქია), ვერ ახორციელებს ქარხნის, ჩვენი ბრენდის,  საზღვარგარეთ „ჩვენი ელჩის“ ფუნქციონირებას. და ადამიანებს და მათ ოჯახებს ერთმევათ შემოსავლის ერთადერთი წყარო.  ჯვარი გვაქვს ამ ადამიანზე დაწერილი?

პლუს სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები.

თუ არ შეუძლია, მას (მფლობელს) რომ ამუშაოს ქარხანა, სახელმწიფომ  ან თვითონ უნდა შეისყიდოს, ან რამენაირად უნდა მოხდეს, ისე რომ ქარხანამ მუშაობა განაახლოს.

თუ „IDS ბორჯომის“ ადმინისტრაციას ჰკითხავთ, დასაქმებულია 685 ადამიანი.

რეორგანიზაცია განხორციელდა და 49 ადამიანი გათავისუფლდა. რეალურად ეს იყო სადამსჯელო ქმედება, რომელიც 49 ადამიანზე განხორციელდა. ეს ადამიანები  შარშანდელ გაფიცვას ხელმძღვანელობდნენ.

ამ 49 ადამიანიდან ყველა არის მუშა, მტვირთავები. რეორგანიზაცია არ განხორციელებულა ადმინისტრაციაზე.

ძალიან მარტივად გეტყვით. ერთ დასაქმებულზე მოდის ერთი უფროსი. აქ ნახავთ სტეპლერების მენეჯერს და მოადგილის მოადგილეს, რომლებზეც არანაირი რეორგანიზაცია არ განხორციელებულა და როგორ უნდა დავიჯერო, მათი გულწრფელობის, ის რომ უჭირთ და პრობლემები აქვთ დასაქმებულებთან დაკავშირებით?

– გასაგებია თქვენი პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ასეთი ცნობილი ბრენდი ვის მფლობელობაში იქნება და გავიტანთ თუ არა უცხოეთში.

როგორ ფიქრობთ, ის პროცესი რაც დაიწყო, რომ „ალფა ბანკი“ მზად არის გადაწყვეტილების მიმღები მფლობელი შეიცვალოს და საქართველოს მთავრობას გადასცეს აქციები, (ორი უწყება სწავლობს ამ შეთავაზებას და იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროები), ამ პროცესის სწრაფად ჩავლა რამდენად დაეხმარება დასაქმებულთა უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებას?

 

– ვერ გეტყვით, რამდენად დაეხმარება, გამომდინარე იქიდან, რომ ვისაც არ უნდა გადაეცეს, ეს სახელმწიფო იქნება, თუ იქნება კერძო პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა აისახოს პირველ რიგში დასაქმებულებზე და ბორჯომის მოსახლეობაზე.

მე და თქვენ, ყველა ერთად ვირწმუნებთ მათ კეთილსინდისიერებას როცა ეს პრობლემა მოგვარდება და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასაქმებულებზე აისახება პრობლემის მოგვარება.

პრემიერის განცხადებაც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სასიამოვნო სიახლე იქნებოდა, მაგრამ 200 -ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს არ ურიცხავენ, რადგან კაბალურ პირობებს ხელი არ მოაწერეს და უფრო მეტიც, 50 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არაა. ეკონომიკის სამინისტრო და სხვა უწყებები რას გააკეთებენ, ნამდვილად არ ვიცი, მაგას ვირწმუნებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაქმებულებს  სამართლიანობის გრძნობა დაუბრუნდებათ და  რეალურად სამართალი იზეიმებს. დასაქმებულებს არავინ იცავს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი და საზოგადოებამ უნდა დაიცვას ისინი.

– იმედი როგორი გაქვთ, რა შანსები გაქვთ? ამ გაფიცვამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს?

– ჩვენი მიზანი არაა, რომ რაიმე სახის პრობლემა შევუქმნათ კომპანიას. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ კომპანია იყოს ძლიერი, რათა უფრო მეტი ადამიანის დახმარება შეძლოს, თუმცა როდესაც ეს კომპანია უსამართლოდ ექცევა დასაქმებულებს, აქ ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით.

რაც შეეხება განცდებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, დარწმუნებული ვარ, რომ დასაქმებულები ამ პროცესში მართლები არიან და აუცილებლად გაიმარჯვებენ, რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს.

ეს არის უვადო გაფიცვა და გაფიცვა გამარჯვებამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომელიც დაშინების მუქარით ცდილობს, საზოგადოებრივი აზრის გაყოფას. ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას, შემიძლია დავასახელო იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვის გათავისუფლებასაც ვითხოვთ, ეს არის ირაკლი სტეფნაძე.

საზოგადოებას მოგვიანებით დამატებით მივაწვდით იმ ადამიანების სიას, ვინც კანონს უხეშად არღვევს და აშინებს, იმუქრება და დასაქმებულებს აიძულებს, რომ მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღონ.

– საინტერესოა, თავად კომპანიის პოზიციაც. იმედია, მედია და საზოგადოება მოვისმენთ პასუხებს ამ საკითხებთან და გაფიცულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით და იმედია, პროცესი ძალიან მალე და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებით დასრულდება.

– მე შემიძლია, დამატებით გითხრათ, რომ გაფიცვის ადგილას ვიმყოფები ბორჯომში და როდესაც თქვენ გესაუბრებოდით, ერთ-ერთი გაფიცული მოვიდა და მითხრა, რომ დილის 6 საათიდან კომპანიის დირექტორი, ივანე მაჭავარიანი იმყოფება კომპანიაში, სხვადასხვა დირექტორებიც არიან აქ.  ანუ დირექტორთა შეკრებაა, არ მგონია, რომ მათ ამ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება დადებითი ემოციები ჰქონდეთ.

 

 

თუმცა შეკრება მიმდინარეობს და დასაქმებულები შიგნით არ არიან, თვითონ თუ იმუშავებენ და ამ ქარხანას აამუშავებენ ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ ასე მოიქცევიან, ერთის მხრივ კარგ საქმესაც გააკეთებენ, იმიტომ რომ ამ ადამიანების ფასს იგრძნობენ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა…

ვნახოთ, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის ვართ მზად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები