მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.
ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2 აპრილს გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს.
მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
“კვირის პალიტრის” არქივში ინახება გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუ, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ”:
“ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა – ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს – შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!
ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? – ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი… საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!
არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ – ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი.”-აცხადებდა გურამ დოჩანაშვილი.