მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში არ იმოძრავებს – დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მედიაში ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საზოგადოებას მოუწოდა შეცდომაში არ შევიდნენ.
მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ტრანსპორტის ერთიანი სისტემის პრეზენტაციას.
პირველად და მეორად ხაზზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო მესამედი ხაზი ანუ მიკროავტობუსები, მოსახლეობას მთავარ ხაზებთან დააკავშირებს.
"მარშუტკების" განახლება და ავტობუსების ახალი სისტემა - ტრანსპორტის მიმართულებები სრულად შეიცვლება
კალაძემ დააანონსა, რომ რეფორმის შემდეგ, მოსახლეობას შეეძლება ერთი ბილეთით იმგზავროს, როგორც ავტობუსით და მეტროთი, ისე ე.წ. მარშუტკებით.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარეუბნის მოსახლეობა ისარგებლებდა იმ მიკროავტობუსებით, რომლებმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეს არასწორი ინფორმაციაა.
მიკროავტობუსების გადანაწილება, ერთიან სისტემაში მოხდება და არ იქნება გამოყოფილი გარე და ცენტრალური უბნები. მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 10-მეტრიანი და 8-მეტრიანი ავტობუსები, ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო.
შესაბამისად, მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ამ პრეზენტაციას წარვადგენთ უახლოეს მომავალში.
ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად“, – ამბობს კალაძე.
“ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ აპრილში განაცხადა, რომ ტრანსპორტის ახალი თემა ოქტომბერში დამტკიცდება. მანვე აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად დაახლოებით, 4-თვიანი კამპანია იგეგმება.