„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს.
რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს.
საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება.
საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფებიან.
დეოკუპაცია და თავისუფლება – ჩვენი საერთო ბრძოლაა. შესაბამისად, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით ხელისუფლების უკიდურესი პასიურობა და დუმილი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევა არსებული საფრთხეების დასაძლევად ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინაპირობა.