LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ადგილები შესაძლოა იუნესკოს ძეგლები გახდეს: რა ვნახოთ წელს საქართველოში?

943
FORTUNA.GE (6)

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 878 ძეგლიდან სამი ქართულია. ეს ალბათ ყველამ იცის:

  • გელათის სამონასტრო კომპლექსი

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ნომინაცია მოიპოვა და ნუსხაში ბაგრატის საკათედრო ტაძარიც შევიდა. 2010 წელს იუნესკოს კომიტეტის 34-ე სესიაზე ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 2017 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსი ამ სიიდან ამოიღეს, ბაგრატის ტაძარი კი, იმავე სესიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ორგანიზაციის მფარველობიდან გავიდა, ჩატარებული რეკონსტრუქციის გამო.

  • მცხეთის ისტორიული მონუმენტები

სიაში 1994 წელს შეიტანეს და მასში გაერთიანებულია მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო. მოვლა-პატრონობის სისტემის და არათანმიმდევრული განაშენიანების გამო, ისინი 2009 წელს  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე საფრთხის  ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.

  • მაღალმთიანი სვანეთი

მასში შედის ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში.

 

სამივე ძეგლი რომ ქართველს ნანახი უნდა ჰქონდეს, ამას შეხსენება არავის სჭირდება. თუმცა, ამათ გარდა, საქართველოში სხვა ბუნებრივი ძეგლებიც მრავლად გვაქვს.

“ფორტუნამ” მოიძია სია, რომელიც იუნესკოს განსახილველად აქვს გადაგზავნილი. გთავაზობთ ადგილებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები გახდეს.

შეიძლება რამდენიმე მათგანი არც იცოდეთ, რომ ესოდენ მნიშვნელოვანია, ან არ გქონდეთ ნანახი. ასე რომ, ამ საცდელი სიით ზაფხულის ინსპირაციის წყაროსაც გაძლევთ:

ალავერდი

მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

 

ანანურის ციხე

ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე.

წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან – თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.

 

კოლხეთის ეკოსისტემა

იმისთვის, რომ კოლხეთის ეკოსისტემა გაიცნოთ, ნაკრძალს უნდა ესტუმროთ, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა.

ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა.

 

დავითგარეჯა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი დიდი ხანია სახელმწიფოებს შორის დავის საგანია. სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები თავიანთი წინაპრების – ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევენ და “კეშიკჩს” უწოდებენ. ქართველი ისტორიკოსებისათვის კი დავით გარეჯი მე-6 საუკუნის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესია და ქართველ მართლმადიდებელთა ერთ-ერთ მთავარი სიწმინდეა.

 

დმანისი

დმანისი იყო შუა საუკუნეების საქართველოს მსხვილი სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრი.

ეს ადგილი თავისი არქეოლოგიური ძეგლებითაა საინტერესო. სწორედ აქ იპოვეს ჩვენი უძველესი წინაპრები ზეზვა და მზია.

 

გრემი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში. ეს კომპლექსი მნიშვნელოვანია როგორც თავისი არქიტექტურით, ასევე არქეოლოგიური აღმოჩნენებით. აქ მთელი ქალაქია აღმოჩენილი, თავისი ბაზრებით, აბანოთი და ტაძრის კომპლექსებით.

პ.ს. გრემის ტაძარს ეძღვნება ოთარ ჭილაძის ლექსი “როდესაც ასე ახლოა გრემი”.

 

კვეტერა

ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე.

ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

 

მთა-თუშეთი

 

საქართველოს ულამაზესი კუთხე მთა-თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს.

მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება.

თუშები საოცრად თბილი და სტუმარმოყვარე ხალხია. ისინი მასპინძლდებიან მათ თუშური სამზარეულოსათვის დამახასიათებელი ისეთი ადგილობრივი კერძებით როგორებიცაა: თუშური ხინკალი, რომელიც დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება, თუშური ცხვრის ყველი, რომელსაც ასევე გუდის ყველს უწოდებენ, თუშური ყველისაგან დამზადებული ხაჭაპური და საოცრად მრავალფეროვანი რძის ფროდუქტები.

 

ნიკორწმინდა

გუმბათოვანი ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში.

ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

 

სამთავისი

სამთავისი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი შესანიშნავი ძეგლია. იგი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.

გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.

 

შატილი

ციხე-ქალაქში შემავალი ძეგლებია:

ციხე-სახლები ანუ ქვითკირები; კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი); კალოიანი სახლები; საფეხვნო; სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები) საბძლური, სალუდე.

შატილი სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. პატარა მიწაზე შექმნილი სიჩუმის სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის ხეობაში მდებარეობს.

შატილი საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.  ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან.

აქ სახლი სახლზეა მიდმული. ქვედა სახურავი ზედას ეზოა და ა.შ.

 

ძველი თბილისი

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა.

 

უფლისციხე

კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

ფეოდალურ ხანაში ეს ადგილი საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. ამის შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.

 

ვანი

ეს ქალაქი იმერეთის მხარეში მდებარებს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი. სწორედ ეს ნაქალაქარია შეტანილი საცდელ სიაში.

 

ვარძია-ხერთვისის ციხე

შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

 

საცდელი სია იუნესკოს 2007 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ წარუდგინა.