LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ” – როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]

ე.წ. საზღვრისპირა სოფლები, თანდათან იცლება. ადგილობრივებს, რომლებიც საზღვრის ბუნებრივი მცველები არიან, საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. შეზღუდულ რესურსებთან და მიტაცებულ ტერიტორიებთან ერთად, ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში არიან, თან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს როდის აღმოჩნდებიან.

ოკუპაცია ცოცვით მათ სახლებს დღითიდღე უახლოვდება.

მეცხოველეობა და მიწათმოქმედება – ამ ძირითადი საქმიანობით ირჩენენ თავს ადგილობრივები. ცხოველებს იტაცებენ, ხანდახან მათ პატრონებსაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. ომიდან 10 წელი, ასეთ პირობებში ცხოვრება ცოტამ შეძლო. საზღვრისპირა სოფლებიდან უმეტესობა თბილისში მიდის.

ვინც დარჩა, ზოგის ბაღი მავრთულხლართებს მიღმაა, ზოგის მავრთულხლართებზე…

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილები ამბობენ, რომ არსებულ მიწებსაც საზღვრის მიღმა მცხოვრებლების საქონელი აფუჭებს და თავის რჩენის არანაირი საშუალება არ რჩებათ.

“გაუსაძლისია აქ ცხოვრება… გვიჭირს ნაკვეთებში გამოსვლა, დამუშავება… თუ დავამუშავებთ, გადმოდის იმათი საქონელი და გვიფუჭებენ. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. რამე რომ დავუშავოთ [აქ გადმოსულ ცხოველს] გვეშინია მერე იმათმა არ დაგვიშავონ რამე.

ახლა ისე ვართ, არც ნაკვეთი დაგვიმუშავებია, არაფერი… საქონელს ვერ გამოვრეკავთ, გვეშინია არ წაგვიყვანონ. ძალაუნებურად ეს ადგილიც დაკარგულია, ვერ გამოვდივართ,” – აცხადებენ სოფელ ატოცის მკვიდრები “ფორტუნასთან”.

სოფელში პრობლემაა ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. თითქმის ყველა ე.წ. საზღვრისპირა სოფელი, გზის და სარწყავი წყლის გარეშეა.

“ყველანაირად გამოყოფილები ვართ. წყალი გვინდა, გზა გვინდა…”

“ეს ხდება მთავრობის უყურადღებობის გამო,” – აღნიშნავს ამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავება აუცილებელია, ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრებისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დაუმუშავებელი მიწები, თუნდაც ამ რეგიონში, მხოლოდ ოკუპაციისა და შიშის ბრალია.

“ჩვენ ნაყოფიერ ნიადაგებს სხვა რეგიონებშიც ვერ ვიყენებთ და იგივე სურათია, როგორც მიმდებარე ისე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფაქტობრივად, მექანიკურად გრძელდება რაღაც მოცულობით ბოსტნეულის და ხილის მოყვანა, თუმცა სერიოზული აგროწარმოება არ არსებობს (ცალკეულ პროექტებს თუ არ ავიღებთ). სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა, მკაფიო და კარგად ჩამოყალიბებული, არ არსებობს და ეს არის რეალური პრობლემა,” – ამბობს ექსპერტი.

ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ მთავარი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში უნდა გაკეთდეს, ახალგაზრდების ადგილზე შენარჩუნებაა. მისი აზრით, უნდა გააქტიურდეს ასეთი პროგრამები და გაიზარდოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსება.

“აქ ძირითადად რჩება ის ხალხი, რომლებიც უფროსი ასაკის არიან და საცხოვრებლის შეცვლა არ სურთ. აუცილებელია ვიზრუნოთ ამ რეგიონებში ახალგაზრდების შენარჩუნებაზე. ამისთვის უნდა შეიქმნას პირველ რიგში სოციალური ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ ადამიანი ქვეყნისგან და საზოგადოებისგან თავს გარიყულად არ გრძნობდეს” – აღნიშნა “ფორტუნასთან” ვაჟა ბერიძემ.

ამ რეგიონის მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პრობლემები მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, მაგრამ რაც კეთდება, ის აშკარად არასაკმარისია. ექსპერტი “ფორტუნასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ეროვნული სტრატეგიის საკითხი უნდა იყოს, რადგან სოფლების დაცლას რაც მოყვება, ამის მაგალითი ისტორიაში მრავლად გვაქვს.

“განსაკუთრებით მკვეთრი აქცენტები უნდა დაისვას, წყლით, გზებით, სურსათით, ამ რეგიონების მოსახლეობის მომარაგების და უზრუნველყოფის მიზნით.

ისტორიულადაც თავის დროზე, შიდა ქართლის დაცლას რა მოყვა, კარგად ვნახეთ. ამ სივრცეს შემდეგ ითვისებს ამ ტერიტორიებზე ისტორიულად არამცხოვრები მოსახლეობა, რომლებსაც შემდეგ თვითგამორკვევის ინტერესი უჩნდება, ეს კი საერთო ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ გამყოფ ხაზთან ჩვენი ინტერესების დასაყრდენი მოსახლეობა შევინარჩუნოთ,” – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

2010 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს ოკუპირებული ზონების მიმდებარე სოფლებში სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება დაავალა, თუმცა ეს დავალება თაროზე შემოდებული დარჩა. იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც, საქართველოს მთავრობას დეკლარირებული აქვს ის, რომ ამ რეგიონებში მოსახლეობის დახმარება უმნიშვნელოვანესი საკითხია, ფაქტი სახეზეა, რომ ზამთარში შეშით მომარაგება, თუ სხვა წერტილოვანი დახმარებები მათ მდგომარეობას უკეთესობისკენ ვერ ცვლის.

ხარკი ოკუპანტისთვის – ოკუპაცია ციფრებში
უჭირთ მავრთულხლართების იქით დარჩენილებსაც. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, თვეში ერთხელ პენსიის ასაღებად თავს საფრთხეში იგდებს და ეკლიან ბარიერს გადმოდის. ამაში მათ “ძველი მეზობლები” ეხმარებიან. ერთადერთი დახმარება ბარიერს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ესაა.

“ძალიან ძნელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის რაიმეს გაკეთება, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ამ რეგიონში არსებული ვითარების შესწავლისთვის, შესაბამის ჯგუფებსაც კი, არ უშვებენ. რაც მთავარია, საოკუპაციო რეჟიმები არ აძლევენ საშუალებას მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმოქმედონ, რათა განახორციელონ სპეციალური პრობლემები, რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ამიტომ ყველანარიად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს, იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალება გვქონდეს,” – აღნიშნავს “ფორტუნასთან” ინტერვიუში ექსპერტი ვაჟა ბერიძე.

უკიდურესმა გაჭირვებამ, ეს ადგილები საუკუნეების უკან გადაისროლა. აქ ხალხით ვაჭრობენ და მათთვის ეს შემოსავლის გარკვეული წყაროცაა.

ფოტო: „დამოუკიდებლობის ფასი“. ნახატი კედელზე, გორი, საქართველო. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 30 ივნისს. ©FIDH-HRIDC

ცოტა ხნის წინ, ქართველების გატაცება უფრო სარფიანი საქმე გახდა, რადგან ჯარიმები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე 800 ლარამდე (20 000 რუბლი) გაიზარდა. ამ დრომდე, ჯარიმის გადასახადი დაახლოებით 70 ლარამდე იყო.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი, ჯარიმების გაზრდის მიზეზად, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს.  ე.წ. საზღვრის კვეთის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემები ასეთია: ივნისში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 73 ადამიანი დააკავეს, ივლისში – 70, აგვისტოში – 56.

აგვისტოს ომიდან დღემდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, დაახლოებით, 7.5 მლნ რუსული რუბლი აქვთ აღებული, რაც დაახლოებით 300 000 ლარია.

ამ 300 000 ლართან ერთად, 2008 წლის შემდეგ საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში) და აქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. თუმცა ეკონომიკურ პრობლემას არა ციფრები, არამედ თავად ოკუპაცია ქმნის.

“ოკუპაცია არღვევს ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ მდგრადობას და ქმნის უამრავ სოციალურ პრობლემას, როგორც მოცემულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, რამდენადაც გადაადგილების შეზღუდვა, ვაჭრობის გაქრობა, ფაქტობრივად ეკონომიკური ურთიერთობების სტაგნაცია და შემდეგ ნულზე დასვლა, ქმნის რეალურ პრობლემებს. ამასთან, ქვეყნის ბიზნეს გარემო, ეკონომიკური თავისუფლების მახასიათებლები, ოკუპაციის არსებობის პირობებში უარესდება, ამდენად თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის ამოცანაა, ამ რეგიონების დეოკუპაცია, რომლის გარეშეც სოციალური ვითარების გაუმჯობესება შეუძლებელია,” – განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

დეოკუპაცია კი ის დაპირებაა, რომელიც ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად, არ სრულდება.

ნახეთ ამავე თემაზე: “გგონია, რომ მავრთულხლართებთან სულ ვიღაც არის” – ცხოვრება მტაცებელი მეზობლის გვერდით [ვიდეო]

თამთა უთურგაშვილი

mazda magti 5g