უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა და წარმოთქვა მორიგი ემოციური სიტყვები, რომელსაც ბუნდესტაგის ქვედა პალატაში ოვაციებით შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ევროპაში ახალი კედელი ააშენოს.
უკრაინის ლიდერმა გერმანიის პარლამენტსა და კანცლერს სთხოვა, ამ კედლის დანგრევაში დაეხმარონ:
“ეს არ არის ბერლინის კედელი – ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი უფრო დიდი ხდება უკრაინაში ჩამოგდებული თითოეული ახალი ბომბით. ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტინენტის მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, ყოველწლიურად, ჰოლოკოსტზე საუბრის დროს მსოფლიოს ლიდერები იმეორებენ, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა:
“ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიტყვები უბრალოდ არაფერს ნიშნავს. ევროპაში ხალხი ნადგურდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ და თქვა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, მის ქვეყანაში უკვე 108 ბავშვი დაიღუპა.
“ყველას არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, მარიუპოლში, ქალაქში, რომელიც ალყაშია. ხალხი საკვების, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. რუსი ჯარისკაცები ერთნაირად უსწორდებიან ჩვენ ჯარისკაცებსაც და მშვიდობიან მოქალაქეებს. გუშინ რუსებმა ააფეთქეს თეატრის შენობა, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, რამდენიმე დღის წინ კი სამშობიარო დაბომბეს. ეს ხდება ყოველ საათში. აი, ამისთვის მიადგნენ მარიუპოლს, რომ დახოცონ ხალხი და გადარჩენის შანსი არ დაუტოვონ” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე