LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ არის ჩემი არჩევანი” – რას აკეთებს სახელმწიფო “უხილავი ბავშვებისთვის”

ისინი მათხოვრობენ, წვრილმან ნივთებს ყიდიან, იპარავენ – ისინი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან. მათ „უხილავი ბავშვებიც“ შეარქვეს,რადგან დამოკიდებულება სწორედ ასეთია – ჩვენ არ ვიცნობთ არც მათ, არც მათ პრობლემებს, არც იმ მიზეზებს, რის გამოც ქუჩაში ცხოვრება აირჩიეს. ვიცნობთ „ქუჩის ბავშვების“ სახელითაც, რითაც კიდევ უფრო ვაძლიერებთ მათ სტიგმატიზაციას.

 

ვინ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები

„ეს არ არის ჩემი არჩევანი“ – ასეთია გზავნილი ქუჩაში ბავშვთა ექსპლუატაციის დასასრულებლად. კამპანია World Vision -მა წამოიწყო, რომელიც წლებია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე მუშაობს. გზავნილი სოციალურ ქსელში მალე აიტაცეს, გამოჩნდა ფოტოები, რომლებსაც მომხმარებლები ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან იღებდნენ და სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, რეალურად რა კეთდება მათთვის, ამის პასუხს „იუნისეფის“ კვლევაში იპოვით, რომლის შედეგებიც არც თუ ისე დამაიმედებელია.  „იუნისეფმა“ ის მიზეზებიც გამოავლინა, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ცხოვრებას იწყებენ:

  • მშობელთა სიღარიბე და მათ დასახმარებლად ბავშვების ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში, რაც ბავშვთა შრომას იწვევს;
  • მშობლების იძულებითი მიგრაცია და აქედან გამომდინარე ცხოვრების გამოწვევები საარსებო საშუალებების მოპოვებასთან დაკავშირებით;
  • მშობლის გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რაც მშობლის მიერ ბავშვის მიტოვებას ან უგულებელყოფას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას იწვევს;
  • ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს;
  • მკაცრი დისციპლინა – ე.ი. ბავშვის სოციალური ქსელების კატეგორიული შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი წესები – სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან;
  • სოციალიზაცია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, რის შედეგადაც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, როგორც მზრუნველების, ასევე ქუჩის სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის წინაშე. ქუჩის ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას ხელი არ მიუწვდება განათლებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე (გარდა გადაუდებელი დახმარებისა).

კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, „ვორლდვიჟენთან“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“, „კარიტას საქართველოსთან“, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელდა.

 

არსებული რეალობა

საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პოპულაცია შეიძლება ქვეკატეგორიებად დავყოთ იმის მიხედვით, ახლავთ თუ არა მათ მშობელი და აქვთ თუ არა მშობელთან კონტაქტი. „იუნისეფმა“ ის შემდეგ კატეგორიებად დაყო: უსახლკარო (ქუჩაში მცხოვრები) ბავშვები და მოზარდები, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მშობლების გარეშე არიან, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდიან, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არიან, ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნისისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ..) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია იუნისეფის“ კვლევაში

ბავშვების მონაყოლზე დაყრდნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში, პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ

ჯგუფის შიდა სტრუქტურა ხშირად ისეთია, რომ ბავშვებს ერთმანეთის ან გარეშე პირების მიმართ ვალები უგროვდებათ, რის გამოც ისინი დიდი ხნის მანძილზე ქუჩას თავს ვერ აღწევენ, ამიტომ მომსახურების პროგრამაში ბავშვის ჩართვის შემდეგ, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის მიერ დაგროვებული ვალიც.

ანგარიშის თანახმადთბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფებაცნობილი, როგორცმორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებსამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარება.

„დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარება…

თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ,“- ნათქვამია კვლევაში.

 

გამოსავალი

იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ უბიძგებს, „იუნისეფში“ მიიჩნევენ, რომ პრევენციისთვის სკრინინგის ინსტრუმენტის ჩამოყალიბებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც ის სამსახურები გამოიყენებენ, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფ მშობლებთან მუშაობენ.

სკრინინგის ინსტრუმენტში უნდა შედიოდეს ზრდასრული ადამიანების მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ცხოვრების პირობების შეფასება.

მეორადი პრევენცია უნდა მოიცავდეს:  მინდობით აღმზრდელი ოჯახების განათლებას, რათა ხელი შეეწყოს ნაკლებად მკაცრი წესების არსებობას მინდობით აღსაზრდელი ბავშვებისათვის;  წესების ხელახლა დადგენას სარეაბილიტაციო და მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, სკრინინგის ინსტრუმენტის შემოღებას, რომელიც გამოყენებული იქნება დღის ცენტრებში და 24 საათიან თავშესაფრებში, დამატებით ეკონომიკურ მხარდაჭერას რისკის ქვეშ მყოფი მშობლებისათვის.

კვლევა საკანონმდებლო ხარვეზზეც საუბრობს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართალში ბავშვთა ექსპლუატაცია არ არის შესული ცალკე დანაშაულის სახით (ეს საკითხი მხოლოდ ადამიანებით ვაჭრობასთან/ტრეფიკინგთან მიმართებაშია რეგულირებული). რეკომენდაციების ნაწილში მითითებულია, რომ ბავშვთა სამართლებრივი დაცვის გასაძლიერებლად ეს საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.

რეკომენდაციების ნაწილში მშობლებისათვის გადაუდებელი დახმარების ფონდის შექმნის საჭიროებაზეც არის საუბარი, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ვიდრე დღეს არის; „იუნისეფში“ მიიჩენევენ, რომ ეს ფონდი ფინანსურად უნდა ეხმარებოდეს ოჯახებსა და ბავშვებს და აკმაყოფილებდეს მათ წინაშე უეცრად წამოჭრილ საჭიროებებს ჯანდაცვის სფეროში, საცხოვრებლის დაქირავებასთან დაკავშირებით და ა.შ.

მათივე განმარტებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკე პირთა აყვანას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის განკუთვნილ სამსახურებში. ასევე, სასწავლო პროგრამებში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უმცირესობათა ენებზე ლაპარაკის კომპეტენციას;

„იუნისეფის“ რეკომენდაციით, უნდა ჩამოყალიბდეს სასწავლო პროგრამები, რომლებშიც მენტორების სახით ადრე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე წარმატებული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.

ანგარიში ასევე ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და თერაპიის საჭიროებაზეც საუბრობს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სექსუალური ძალადობითა და ოჯახში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული ძალადობით გამოწვეულ ტრავმასთან დაკავშირებული სპეციალიზებული კომპეტენცია.

 

რას აპირებს სახელმწიფო

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო გამოწვევის წინაშე დგას, შსს-ში აღიარებენ. მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვირიშვილი ამბობს, რომ პრობლემის დასაძლევად უწყება ქმედით ნაბიჯებს დგამს და პრევენციის მიმართულებითაც მუშაობს.

ამ ქმედითი ნაბიჯების ნათელი დასტურია, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ის ოპერაცია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელიც სწორედ ბავშვების იძულებით შრომაში ჩაბმის პრობლემის მოგვარებისკენ იყო მიმართული. ამ ოპერაციის შემდეგ, ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა საკმაოდ არის შემცირებული. აქტიურად ვმუშაობთ პრევენციაზე და რაც მთავარია, პოლიცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად გააქტიურებულია”- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება კვლვის ავტორებისთვის ბავშვების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ქუჩაში მცხოვრები 14 წლამდე ბავშვები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უფროსების რჩევით საკუთარ თავზე იღებენ, რის შესახებაც შესაძლოა, პოლიციაც ინფორმირებულია, მეზვირშვილი უარყოფს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პოლიციაში პრობლემები არ არსებობს.

ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და გარკვეული კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, 14 წლამდე პირების უკან ხომ არ დგანან კრიმინალური დაჯგუფებები ან სრულწლოვნები. ესენი არიან ძირითადად 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს ჩადიან და როგორც კი ამ ადამიანების იდენტიფიცირება ხდება, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. 14 წლამდე პირებს რაც შეეხება, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობდით, იმიტომ რომ ასაკის დაწევა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 14 წლამდე პირებისთვის არ არის ადეკვატური პასუხი, რომელიც სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შესთავაზოს მოზარდებს,“-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მიუსაფარი ბავშვების პროგრამა საქართველოში 2012 წელს შეიქმნა და 2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა. როგორც „ფორტუნასთან“ სოციალური სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი ამბობს, ქვეყანაში ბოლო კვლევა ამ მიმართულებით 2007 წელს ჩატარდა, 2017 წლისთვის კი სააგენტო სხვა გამოწვევების წინაშე იდგა და ახალი კვლევის ჩატარების აუცილებლობა დადგა.

მისი თქმით, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა პრევენციაზე მუშაობა და ამისთვის სკრინინგ ინსტრუმენტის შექმნა. მარი წერეთელი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით „იუნისეფს“ და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციები თანხვედრია და მსგავსი ინსტრუმენტის შექმნა სამოქმედო გეგმით უნდა გაიწეროს. მარი წერეთელი აღნიშნავს, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების იდენტიფიცირებაზე მობილური ჯგუფები მუშაობენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით დღეისათვის მხოლოდ ოთხია და მათ კიდევ ერთი ჯგუფი აჭარაშიც დაემატება, რაც არის ასევე „იუნისეფის“ რეკომენდაციაც. მისივე თქმით, ეს საკითხი გაწერილია ბიუჯეტით და ამ ეტაპზე სოციალური სააგენტო აჭარაში სერვისის მომწოდებლის მოძიებაზე მუშაობს.

მისივე თქმით, მობილურ ჯგუფებში არიან ადამიანები, ვინც იყვნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, მიიღეს  სერვისი და დღეს სწორედ ამ მიმართულებით არიან დასაქმებულნი. მისივე თქმით, მათი ჯგუფში არსებობა ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქურთ ბავშვებეთან ენობრივი ბარიერის კუთხითაც პრობლემის გადაჭრას აადვილებს.

სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ ბავშვების იდენტიფიცირების შემდეგ, მათი სახელმწიფო სერვისებში ჩართვა მარტივი არ არის და ამისთვის მნიშვნელოვანია, ჯგუფმა მათი ნდობა მოიპოვოს. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით დღის ცენტრის მომსახურება 300-მდე ბავშვმა მიიღო, 150 ბავშვი კი 24 საათიან მომსახურებაშია ჩართული.

„ოჯახების გაძლიერება არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი იმისათვის, რომ ბავშვები შენარჩუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახში. ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობა, ვეხმარებით დოკუმენტის აღებაში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციაში, არის ოჯახის გაძლიერების პროგრამები, კრიზისულ ვითარებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროგრამა, ჯანდაცვის სექტორში გადამისამართება და ა.შ. არსებობს ქვეყანაში სერვისები, მაგრამ ის უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს.

ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა იყო პრობლემა და ახლაც არის, თუ ბავშვი არ არის იდენტიფიცირებული და არ აქვს პირადობის მოწმობა,”- აღნიშნავს მარი წერეთელი.

მარი წერეთელი აღნიშნავს, რომ სახელწმიფო სერვისებში ჩართვით ძალიან ბევრ ოჯახს მოუგვარდა პრობლემა და ამ კუთხით პოზიტიური მშობლობის სწავლებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ასევე არის „იუნისეფის“ რეკომენდაციაც.

„ძალიან ხშირად ბავშვები ოჯახიდან გამოდიან იმიტომ, რომ მათსა და მშობლებს შორის კომუნიკაცია ირღვევა, გარკვეული ნდობა ქრება ხოლმე. ეს არის სიღარიბესთან, ძალადობასთან ერთად მიზეზი,“-აღნიშნავს მარი წერეთელი.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები ოჯახებს ტოვებენ სიღარიბეა. როგორც მარი წერეთელი ამბობს, ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისები ქვეყანაში არსებობს და მათ გაფართოება სჭირდება.

„2009 წელს, როცა დეინსტიტუციონალიზაცია დაიწყო, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების 80% იყო სიღარიბის გამო, დღეს ჩვენ გვაქვს 11%. ეს არის სწორად გადადგმული ნაბიჯები და სწორად მიმარული პოლიტიკა,“- აღნიშნავს მარი წერეთელი.

სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სერვისების გაფართოებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სხვა უწყებებიც იზრუნებენ. მისი ინფორმაციით, იგეგმება სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა სოციალურ სააგენტოში, ასევე სოციალური მუშაკები იმუშავებენ თვითმმართველობებსა და განათლების სტრუქტურაში.

სოც მუშაკების მატება დაგეგმილია და ეს სოციალური მუშაობის შესახებ კანონმაც კი დაგვირეგულირა. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია და აუცილებლად გასაკეთებელია, ამავე დროს გაჩნდა თემის სოციალური მუშაკის ცნება, თვითმმართველობაშიც იქნებიან სოციალური მუშაკები, განათლების სამინისტრო გეგმავს თავის სტრუქტურაში სოციალური მუშაკების აყვანას. ეს მნიშვნელოვანია სკრინინგ ინსტრუმენტისთვისაც. ზუსტად ვერ გეტყვით როდის იქნება ეს, უნდა გაიწეროს, ჩვენ აქამდეც აქტიურად ვმუშაობდით და ახლაც ვმუშაობთ, არ მგონია, რომ დიდი მოლოდინის რეჟიმი დასჭირდეს ამას,“- აღნიშნავს მარი წერეთელი.

რაც შეეხება „იუნისეფის“ რეკომენდაციას გადაუდებელი დახმარების ფონდის შექმნის თაობაზე, მარი წერეთელი აღნიშნავს, ეს საკითხი სამსჯელოა და შესაძლოა, ასეთი ფონდი არ შეიქმნას, რადგან უკვე არსებობს ამის ალტერნატივა კრისიზულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის სახით.

„ფორტუნამ“ „იუნისეფის“ კვლევასთან და ამ მიმართულებით სამომავლო გეგემბთან დაკავშირებით კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრსაც მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ კვლევას არ იცნობს და მასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

 

თაკო ივანიაძე

mazda magti 5g