“არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში”, – ამ ლოზუნგით ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმში მცხოვრებთა ნაწილი პორტის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ბათუმს ტურისტული ქალაქის სტატუსს წაართმევს.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ პორტის ტერიტორიაზე არა მინერალური სასუქების ტერმინალი, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების გადამუშავება მოხდება.
ადგილზე პორტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
„ბათუმი საფრთხის წინაშე დადგა. მავანნი ამბობენ, რომ შუა ტურისტულ ქალაქში ქიმიური ტერმინალი უნდა აშენდეს. მინდა ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ბომბი, რომელიც წამებში ქალაქს მაღლა ასწევს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ ქიმიური ტერმინალის პროექტის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს არ გამოვრიცხავთ,”- განაცხადეს აქციაზე.
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანხმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.
